вторник, 7 апреля 2015 г.

ილარიონ ჩავლეიშვილის წერილი კოტე ფოცხვერაშვილს - ქართული სიმღერის დამახინჯების შესახებ


წერილი გურიიდან - კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.
ვის არ ახსოვს ის მონობის პერიოდი, როცა ქართველ მუსიკოსებს ,,ჩიკალკის“ სახელით გვნათლავდნენ. მაგრამ, დაჰკრა ერთმა ქვეყნის გამაღვიძებელმა საათმა და ოქტომბრის რევოლუციამ დამცინავი ხალხი და მათი დრო ჩააბარა ისტორიას.
სამაგიეროდ განამტკიცა ისეთი მთავრობა, რომელიც გვიკრძალავს მხოლოდ ქურდობას და მუქთახორულ ცხოვრებას. რაცშეეხება ხალხის მიერ დროთა ბრუნვაში შექმნილ და მიღებულ გასართობებს, როგორიც არის : სიმღერა, ცეკვა, ჯირითი, დოღი და სხვ. ყველა ისეთ პირს ვინც ამას კარგად ასრულებს მთავრობა ღირსეულად აჯილდოვებს, აქვეყნებს მათ სახელს გაზეთის საშუალებით, აქეზებს და ახალისებს, ოლიპიადის გახსნით და სხვა. მაგრამ, ეს დიდებული თანაგრძნობა ზოგმა ვერ დავაფასეთ, ისთე როგორც ამას თვით ჰარმონიის წარმომშობი ერი მოითხოვს. არას ვამბობ უცხო ხმებზე და სხვა ეროვნებათა მუსიკაზე. მხოლოდ გურული სიმღერები რომ დღეს დამახინჯებული და გადაგვარებულია, ამის უარყოფა არ შეუძლია, იმ გურულს, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაქრობია წინაპართაგან ნაანდერძევი ეროვნული სიამაყე.
გამომწვევი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სიმღერამ მიიღო უპატენტო სპეკულიანტის ხასიათი. ვინ არ გინდა, რომ დღეს ლოტბარის როლს არ თამაშობდეს და სხვადასხვა რაიონებში კონცერტებს არ მართავდეს. ვის რა აქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ საყურადღებო ერთი რამ არის აქ; მუსიკალურ სფეროში ლოტბარების გახშირებას, სიმღერის დამახინჯებასთან ერთად, მოყვა შედეგად ის, რომ მან შეითვისა კუთხური ხასიათი. არის შემთხვევა, როცა ერთ-ერთი, მეორის მოსაზღვრე-სამეზობლო უბანი ერთმანეთის ხმებს ვერ აგუებენ, იმიტომ, რადგან ზოგმა ახალმა ედისონმა სიმღერებს წააკერეს რაღაც ფიგურები და ამით ფიქრობენ, რომ საქართველოში მიღებულ ყველა ხმებს კარგად ასრულებენ, გურულს, კახურს და სხვა, რაც სრულებით არ არის შეფარდებული იმერის სულიერად ჯანგაუტეხელ სიმფიზლესთან, რომელმაც განცდილი ისტორიული ჭირ-ვარამი და სიხარული გენიოსური ნიჭით ჩააქსოვა ამ მშობელი კერას მიერ ყურში ჩაძახებული ნანისას და გადმოგვცა შემდეგ თაობას. მეტია იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ყავს ევროპულად განვითარებული კომპოზიტორები. მათ შორის, ზემოაღნიშნულ ნაკლს ანგარიშს უწევს მხოლოდ  კოტე ფოცხვერაშვილი. წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეასრულოს დამძიმებული გონების, სიხარულის ჟრუატელის გამაღვიძებელი ჭრელ-ფეროვანი ხმები ისეთმა ადამიანმა, რომელის ქართული ლაპარაკის დროს დიდგაჭირვებას განიცდის.
ამით, მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ დასკვანა კი ასეთია : მუსიკის წარმომშობი ერი, ხედავს და სავსებით რწმუნდება, რომ ბაზარზე სავაჭროდ გატანილი ხმები ჰკარგავს ყოველივე სიკეთე-სილამაზის ელფერს და შორს არ არის ის დღე, სულ გაქრეს და საძებრად გახდეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს : როგორ გახდება საძებრად და ვინ რომელი ხმები დაამახინჯაო? ამის შესახებ მითითება ასეთია : მკითხველი დამეთანხმება, რომ სიმღერა თვალით არ დაინახება, და არც გაზეთის საშუალებით შეიძლება მისი დამატკბობელი, გინა მომაბეზრებელი ხმის გამოხატვა და დაფასება, არამედ შეიძლება მისი მოსმენით. ამიტომ, ვისაც სურს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, ჯერ ნათქვამი ხმები მოისმინოს და მერე იკითხოს გაზეთი.
ამ კითხვის შესახებ 1923 წელს ოზურგეთში ვიყავით შეკრებილი გურულ მომღერალთა მთლიანი გუნდი. რა დროსაც ამხანაგმა ვ. სიმონიშვილმა დააყენა კითხვა, რომ სიმღერებს ამახინჯებენ ზოგი არასწორი მასწავლებელი და იქნეს ზომა მიღებული, რომ აიკრძალოს მომავალშიო. სამწუხაროდ, პირველი წინააღმდეგი ამ კითხვისა მე ვიყავი, და ჩემთან ივლიანე კეჭაყმაძე. იმ მოსაზრებით, რომ 60 წლის განმავლობაში ვმღეროდი, და დღეს ახალგაზრდებს უმანდატოს სიმღერა აუკრძალოთ, ვერ ვიცანით მიზანშეწონილად, რისგამოც კრება უშედეგოდ დაიხურა, რასაც დღეს ვნანობ.
უდიდეს ჯილდოდ მივიღებ, თუ ვინმე ამის შესახებ რამეს დაწერს და როგორც მკითხველს, აგრეთვე მეც, სამართლიანი კრიტიკით გარკვეულ გზაზე დამაყენებს.

(წერის სტილი დაცულია) 

ილარიონ ჩავლეშვილი. 1926 წელი. 


Комментариев нет:

Отправить комментарий