среда, 8 апреля 2015 г.

თამაზ გაბისონია - ქართული გალობის შესახებ

ერთი შეხედვით, ქართული გალობა აღორძინებას განიცდის. შესაძლოა, ეს ასეცაა მაგრამ - ძალიან ნელი ტემპითა და დაკლაკნილი გზით. ,,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“ - იტყოდა პოეტი.
ყოველი მუსიკოსი თანხმდება იმაში, რომ ქართული საგალობელი, როგორც მუსიკალური და კულტურული ფენომენი, უნიკალურია. ბევრი იმაზეც ერთი აზრისაა, რომ საგალობელზე და ხალხურ სიმღერაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მსოფლიო კულტურის საგანძურში არაფერი შეუტანია. ეს ლოზუნგები ბევრმა ბავშვმა და ახალგაზრდამაც იცის, მაგრამ საქართველოს ეკლესიის დიდ ნაწილს ეს გალობა მაინდამაინც ვერ ედება გულზე მალამოდ

რა არის ამის მიზეზი?

ამ საგალობელთა სიგრძე? დიახ, და იცით რატომ? გალობას კონცერტად აღვიქვამთ და ველოდებით, როდის მორჩება მუსიკა, რომ გავაგრძელოთ ლოცვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გალობით ლოცვას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რეალურად მართლაც აცდენილია მღვდლისა და მგალობელთა რიტმი ერთმანეთს. ამის საშველიც არსებობს: ზედმეტი არ იქნება, რომ ამ ორმა მხარემ ერთობლივი მსჯელობა-მეცადინეობის შედეგად მოაწესრიგოს საგალობლის ვარიანტთა შერჩევა, ტონების მონაცვლეობა, ინიციატივის გონივრულად გადანაწილება და .
ერთიც უნდა ითქვას: ზოგიერთ ღვთისმსახურს გალობა ღვთისმსახურების მხოლოდ სამშვენისად მიაჩნია; ვიან არ შესწრებია: გუნდი გალობს ,,რომელი ქერუბნითა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამიბისა, სამწმინდა არსობისა გალობასა შევსწი...“ და შეწყდა გალობა-ლოცვა, მღვდელი გამოვიდა საკურთხევლიდან ბარძიმ-ფეშხუმით. ამიტომ, თითზე ჩამოსათვლელია მღვდელი, რომელიც ცდილობს დახვეწოს თავისი ასამაღლებელი, ისწავლოს გალობა ,,ჭმიდაო ღმერთოსი“, სადიდებლებისა . იმ ლოცვებისა, რომლებიც მათ, ტრადიციით უნდა იგალობონ. მახსენდება, განსვენებული მამა გიორგი საბიაშვილისა და მამა სოკრატეს რუსულად გალობა ლიტიაზე...
ისე საინტერესოა, რატომ არის ეს ჩვენი ძველი საგალობლები ასე გრძელი? ეტყობა, ჩვენ წინაპრებს ეკლესიაში ყოფნისას არსად ეჩქარებოდათ და ეს საგალობლები მოსწონდათ. რაიმე სხვა მიზეზი მოიძებნება?
ამ საგალობელთა დაბალმხატვრული დონე? მოდით ეს პუნქტი სერიოზულად არც განვიხილოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ნიმუშები საუკუნეების ფილტრში გამოატარა ხალხის გენიამ; როგორც მინიმუმ, შეურაცხყოფა გამოგვდის ქართული ეკლესიის წევრთა ან გემოვნების, ან სულიერებისადმი.

ქართული საგალობელი ხალხური სიმღერის ზეგავლენას განიცდის და ამდენად არასულიერია? 

პირიქით, რთული გურული სიმღერა სწორედ გალობის ზეგავლენითაა ამგვარი განვითარებული პოლიფონიური ფორმისა. გურული ,,კბენასავითბგერათწარმოქმნაც (რასაც დაცინვით ,,კრიმანჭულსაცუწოდებენ) და თანხმოვნების გამღერებაც სწორედ გალობის სტილს უკავშირდება, და არა - პირიქით.
რაც შეეხება ქართული სიმღერისა და გალობის მუსიკალური ენის მსგავსებას, მათი სტილური ერთიანობის შესახებ მსჯელობა უფრო ზოგად ხასიათს ატარებს, ვიდრე - არგუმენტირებულს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სოფელში ერთი და იგივე ხალხი მღეროდა სუფრაზე და გალობდა ეკლესიაში, ისინი მკაფიოდ განასხვავებდნენ სასულიერო და საერო მოტივებს და მათ საშემსრულებლო მანერას. სხვათაშორის, საპირისპირო მიმართებას ვხედავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ კორსიკულ სიმღერასა და გალობას შორის. მათი სტილი ფაქტობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, და თუ ქართულ გალობას და სიმღერას მუსიკალური ენის საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ, ესეც ბუნებრივია - ესე ხომ ერთი მუსიკალური ენის ორი განშტოებაა.

ქართული საეკლესიო გალობა მოძველდა?  

ხშირად გვესმის: ,,ეხლა სხვა დროა“, ,,ყველაფერი ვითარდება“... მაგრამ თუ ეს ,,სხვა დროსაერთოა ხატისთვის, საეკლესიო არქიტექტურისა, ღვთისმსახურთა შესამოსელისათვის, საღვთისმსახურო ენისათვის, რატომ ვეძებთ გამოსახვის ახალ ფორმებს გალობაში და ამას არ ვაკეთებთ საეკლესიო ხელოვნების ზემოთჩამოთვლილ დარგებში? ზედმეტად მიმაჩნია მსჯელობა იმაზე, რომ ტრადიციისადმი ნდობა და ინოვაციისადმი უნდობლობა მართლმადიდებლური აზროვნების ერთ-ერთი გამორჩეული შტრიხია; იმდენად, რომ ცნება ,,მართლმადიდებლურიდღეს ხშირად ,,ტრადიციულისდა ,,ურყევ-უცვლელისიგივეობრივად მიიჩნევა.
მაგრამ, შესაძლოა, თავისი ერთგვარი ,,მოიხელთებლობის“ , ფიქსაციის სპეციფიკური ხერხის თუ ,,დროსი წარმავალობისგამო დღეს საქართველოს ტაძრებში გალობა მკაფიო ფორმებით არ ფიქსირდება და ეკლეკტიკური მრავალსახოვნებით გამოირჩევა. ეს ეხება როგორც რეპერტუარს, ასევე - შესრულების მანერას.
შესაძლოა, ყველა ჩემი კოლეგის აზრი არ გამოვხატო, მაგრამ პირადად მე დასაშვებად მიმაჩნია საგალობლის შემდგომი განვითარების შესაძლებლობაზე მსჯელობა. თუმცა აქ სიტყვა ,,განვითარებასმე ვარჩევდი ,,შეუმჩნეველ სახეცვლილებას“.
დღეს, არა მარტო ჩემი აზრით, ქართული გალობა უნდა განვითარდეს ახალი მობილური ვარიანტების შექმნით, ოღონდ - ტრადიციულ მუსიკალურ ენას და სტრუქტურულ კანონზომიერებებს უნდა დაეყრდნოს, და ეს სამუშაო დღეს, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. ასევე გარკვეული ძვრებია ძველი, შუასაუკუნეების ქართული ნევმების დღემდე მოღწეულ საგალობლებთან დაკავშირების მხრივ (დადასტურებულია მათი ზოგიერთი დეტალის თანხვედრა) . ქართული საგალობელი სტილისტური განვითარების გზით უნდა წავიდეს და არა - სტილისტური რევოლუციის, ან - ეკლექტიზმის გზით. ძალიან კატეგორიული ვა? რა ვქნა, არც სამეტყველო ენაში მომწონს ,,დღეს სამსახურში ფართი გვქონდა“ , ,,რა ივენთია ხვა დაგეგმილი“ , ,,ანუ აქ წერია, რომდა ..
ეკლესიაში ძველი გალობა რომ მესმის, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ აქ ჩემს გვერდით ჩვენი წინაპრები, მეფეები, წმინდანები იდგნენ და ახლაც დგანან და ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ეს მართლაც ასეა - ეკლესიაში არა თუ დრო ჩერდება, როგორც ამბობენ ხოლმე, ადამედ - სხვადასხვა დრო ერთიანდება. პირადად ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ქართული გალობა ყურს ჭრის?  

გეთანხმებით, მეც ხშირად მჭრის ყურს დღევანდელი ქართული გალობა. მაგრამ საქმე შემსრელებლებშსია და არა - საგალობელში. აქ ერთი არასწორი ტენდენციაც თამაშობს გარკვეულ როლს. მღერის ვოკალური მანერა (ხმის ტრემოლაციით, ანუ ,,ვიბრატოთიგამოხატული) , რომელიც მართლაც უცხოა ქართული საეკლესიო საშემსრულებლო სტილისათვის, ძველი ქართული გალობის აღდგენის პირველ წლებში სამართლიანად იქნა გაკრიტიკებული. თუმცა ზოგიერთმა ენთიზიასტმა ,,წყალს ბავშვი გადააყოლადა ,,ღია ხმით“ ,,ქართული მანერითგალობაში მოიწესრიგებელი, გაუვარჯიშებელი, ხშირად მყვირალა ხმის გამართლება ,,მოძებნა“...
მაგრამ ზოგჯერ ტაძარში ნორმალური გალობა ისმის, ღვთისმსახური კი ამბობს: ,,რა ვქნა, არ მიყვარს ეს მუსიკა და როგორ ვწირო მისი თანხლებითო?“ საინტერესოა, რომ ძველი ქართული ენის მიმართ მსგავსი ,,გართულებაღვთისმსახურთაგან არავის აქვს. რატომ? ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ძველი ქართული მეტყველება მათთვის ნაცნობი და მახლობელი იყო? მაგრამ წაიკითხეს ამ ენაზე სახარება, სკოლაში ძველი ავტორების სწავლით და ეკლესიაში მისი მოსმენითაც დადებითად განეწყვნენ ამ მართლაც პოეტური, ენის მიმართ. მოდით, ასეთივე ნდობა ვიქონიოთ ტრადიციული გალობის მიმართაც და ვეცადოთ, შევეჩვიოთ მას - ისევე, როგორც ვეჩვევით და პირველივე ბგერებიდანვე გვიყვარდება ყოველი ჩვენთაგანისათვის ძვირფასი ადამიანის მიერ დაწერილი საგალობლები.             


( დაბეჭდილია შემოკლებით)

თამაზ გაბისონია - მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლის 16 იანვარი.





Комментариев нет:

Отправить комментарий