понедельник, 13 апреля 2015 г.

ვახტანგ მეგრელაძე - ფილიმონ ქორიძის განსასვენებელის შესახებ


1948 თუ 1949 წელი იყო კარგად არ მახსოვს, ვიჯექით ჭადრების ბაღში, იქ სადაც ეხლა ჟურნალ-გაზეთები იყიდება ჯიხურთან, დაახლოებით 10      მეტრის დაშორებით. მე სულეიმან კაკალაძე, ბადრი თაყაიშვილი, მიშა ფირცხალაიშვილი, ჭიღა კვერღელიძე, გივი ლომაძე, რეზო ლომაძე და ვსაუბრობდით. ამ დროს, ჩვენს მოპირდაპირე 4 - სართულიანი შენობიდან, სადაც გურულ სიმღერა-საგალობლებს იწერდნენ ფირფიტაზე, პირველი სადარბაზოდან გამოვიდნენ: . სიმონიშვილი, . ერქომაიშვილი და . პატარავა და წამოვიდნენ ჩვენს მხარეს, რომ მოგვიახლოვდნენ ჩვენ ფეხზე წამოვდექით და მივესალმეთ, მათაც მოგვესალმნენ. შემდეგ შეჩერდნენ ჯიხურთან, სადაც ჟურნალ-გაზეთები იყიდება და არტემი ამბობს :
-         ბატონო ვარლამ, ხომ იცით აქ ვინ განისვენებს, ვინ მარხია?
-         როგორ არა, აქ ფილიმონ ქორიძე არის დასაფლავებული, - თქვა ბატონმა დიმიტრიმ.
-           ამ ადგილს მიხედვა უნდა, - დაამატა ბატონმა ვარლამმა. რის შემდეგაც, სამივემ მოიხადა ქუდი, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მის ხსოვნას და მერე წავიდნენ. რამდენიმე მეტრი რომ გაიარეს, ისევ შემობრუნდნენ და ლაპარაკობდნენ, რას, მე არ გამიგონია.
რასაც ვწერ და ვამბობ სისწორეა, მე არც ისე პატარა ვიყავი მაშინ, 23 წლისა გახლდით და ყველაფერი კარგად მახსოვს; ისიც მახსოვს ვარლამი, არტემი და დიმიტრი რომ სადარბაზოდან გამოვიდნენ, თვალში მომხვდა მათი ჩაცმულობა და ვაჟკაცური სილამაზე. ვარლამს ეცვა: თეთრი აბრეშუმის ახალუხი, წელზე ქამარ-ხანჯალი, შავი გალიფე და ფეხზე აზიაცკები, თავზე კი ბოხოხი. ასეთივე ჩაცმულობა ჰქონდა არტემსაც, მაგრამ შინდისფერი ახალუხი ეცვა. დიმიტრის კი - ლურჯი ბლუზა დიდი ჯიბეებით, წელზე ქამარი, თავზე ბოხოხი, გალიფე შარვალი და ფეხზე აზიაცკები.
რასაც ვამბობ, დეტალებში სწორია და სიმართლე. მე ვერ ვიტყვი, არის თუ არა იქ ნამდვილად ფილიმონი დასაფლავებული, მაგრამ თუ ბუმბერაზ დიდ მგალობლებს დავუჯერებთ, ფილიმონ ქორიძე არის დასაფლავებული იმ ადგილას, სადაც ეხლა დგას ჯიხური, ჭადრების ბაღში.

ვახტანგ მეგრელაძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი.

12 დეკემბერი, 2001 წელი
სურათზე: ფილიმონის საფლავის ამჟამინდელი, სავარაუდო ადგილსამყოფელი, სადაც დღეს მისი ბიუსტი დგას, ოზურგეთი - ჭადრების ბაღი.



Комментариев нет:

Отправить комментарий