четверг, 28 апреля 2016 г.

აკაკი წერეთელი - მოგონება (ფეხთა ბანა)


გათენდა დიდი ხუთშაბათი. ხანგამოშვებულმა ზარის რეკამ აუწყა ქუთაისლებს: მღვდელმთავარი მობრძანდება დღეს მწირველადო. დიდი და პატარა ყველა მიეშურებოდა გორასაკენ, საიდანაც ბაგრატის ტაძრის ნაშთები მწუხარედ გადაჰყურებენ არემარეს. მის გვერდით, მერცხლის ბუდესავით მიდგმული და უგემურად აგებული ახალი საყდარი მლოცველებით აიმსო. ტევა რომ აღარ იყო, გალავანიც ხალხით გაიჭედა.
ზარების დახშირებულმა რეკამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი და ისიც გამობრძანდა. აიაზმითა და საკმელ-საცეცხურით მიეგება კრებული, ორის მხრით მგალობლები წამოუძღვენ ეკლესიისაკენ. ერთს გუნდს იმერლები შეადგენენ: ოქროპირ კანდელაკი, გოგინა შათაძე და სინო კანდელაკი, მეორეს - სტუმარი გურულები: დათა გუგუნავა, ყარამან თავდგირიძე და ანტონ დუმბაძე. კანდელაკური სადა გალობა იყო და გურული კი კრიმანჭული. ხალხი გაიტაცა მათმა გალობამ, მაგრამ ორ მხარედ კი გაიყო: ერთს გურულები უფრო მოწონდა და მეორეს კი - იმერლები. ახალგაზრდები უფრო გურულებისკენ იყვნენ - „არა!“ - ამბობდენ მოხუცებულები - სად კანდელაკური და სად გურული კრიმანჭული? მართალია, ესენი დაბერდნენ, ხმა დაუპატარავდათ და ისინი კი ახალგაზრდები, ხმაძლიერი არიან და კილოზედაც ამბობენ, მაგრამ... მაგრამ მაინც სულ სხვა არის!..
დუმბაძის ბანი ათს ჩაყლაპავს სინოს ბანისთანას, მაგრამ სინო რომ დაუკვერას და გადაჭედ-გადმოჭედს ხმატკბილებით, იმას ვეღარა შეედრება რა. მე მაშინ გარჩევა არ შემეძლო და ორივე გუნდს თანასწორად ყურს ვუგდებდი. მანამდი ბევრი კარგი სიმღერა გამეგონა, მაგრამ იმ გალობისთანა არა მსმენია რა! მეგონა, თუ ის ხმები მაღლა ციდან ჩამოდიოდნენ, რომ დაბლა ქვეყანა დაეტკბოთ შებრძანდა მღვდელმთავარი ტაძარში და ჩამოჯდა ტახტზე, დიაკვნებმა ლანგრებით მიართვეს შესამოსელი. ორი მთავარდიაკვანი წადგა წინ საცეცხლურის კმევით - ერთი დაიძახებდა: „უფლისა მიმართ ვილოცოთ“ და მეორე, არხიდიაკონი ჯანელიძე გრგვინავდა შესხმით: „შეიბ მახვილი შენი, წელთა შენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა!“-ო და სხვანი...
შეიმოსა მღვდელმთავარი. დაიწყო წირვა და ჩვეულებრივად გათავდა. თუ იმ დღის ლიტანიობის პირველი საფეხური მგალობლები იყვნენ, გვირგვინიც ჯანელიძის კითხვა იყო, იმ დროში მისთანა არხიდიაკონი საქართველოში არსად მოიპოვებოდა: მისი, ბრძმედში გატარებული მგმინავი ხმა და მწარ-ტკბილი კილო, სახარების კითხვის დროს, ყველას ერთნაირად ჰხიბლავდა. შეუდგნენ ფეხთა ბანას: გამოვიდნენ საკურთხევლიდამ მღვდლები ჩამოჯდენ, ჩამოემწკრივენ მწყობრად და გაიხადეს ფეხს; მათი სახის გამომეტყველება ამტკიცებდა, რომ ისინი საღმრთო გულისთქმით ემცირებოდათ. მივიდა მათთან მღვდელმთავარი და სიმდაბლით მოიყარა მუხლი მათ წინ.
ეკლესიაში საოცარი სიჩუმე იყო, მლოცველების გულის ბგერაც ისმოდა. გამოიტანა ჯანელიძემ სახარება და გადაშალა საკანანახოდ. დაიწყო. ხმა უთრთოდა, თითქო ცრემლებსა ჰყლაპავსო. თითოეულ სიტყვას გალობით ამბობდა რაღაც ამჟრჟოლის კილოთი, „და მიიღო წყალი იგი და დაასხა საბანელსა მას!“ თქვა და ხალხს ჟრუანტელმა დაუარა. მღვდელმთავარმა აასრულა კანანახი. „და დაიწყო ბანად ფეხთა და წარხოცდა არდაგითა მათ!“ გააგრძო მეკანანახემ. ესეც შეასრულა დიდებულ მოძღვრის მოადგილემ. ჯერი მიდგა პეტრეზე, რომელსაც სვიმონ არხიმანდრიტი ადგენდა. მისი სახე სწორედ წმიდა მოწამის სახეს მოაგონებდა კაცს. როდესაც შემკრთალი, შეშინებული და ვითარცა უღირსმა, ურჩობით ჰკითხა ათრთოლებულის ხმით: „უფალო, შენ დამბანა?“ ხალხმა მეტი ვეღარ აიტანა და საქალებოდან მოისმა უეცარი ქვითინი... ქალები ტიროდნენ!... კაცები კი გაქვავებულსავით იდგნენ და გაფითრებულ ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდათ. მეც გული ამომიჯდა: მამამ ხელი მომკიდა და გამომიყვანა გარეთ. მღვდელმთავარმა აკურთხა ერი და ისიც ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდენ თავ-თავის სახლისაკენ. ყველა მოხიბლული იყო, ყველა გამსჭვალული. თვალწინ დიდებული სახე ეხატებოდათ, და ყურში ჯანელიძის ხმა ჰქონდათ ჩარჩენილი.
მას აქეთ ბევრი რამ მინახავს. ბევრი ხმატკბილი და ხმაშეწყობილი რამ გამიგონია. მაგრამ რაც მაშინ ვიგრძენი, მისი მსგავსი არა მინახავს რა. დიდი ხანი არ არის, რაც ერთხელ კიდევ დავესწარი ფეხთა ბანას, მაგრამ ყოლიფერი მესხვაფერა. გალობა მეუცხოვა: ყურს ესმოდა, მაგრამ გულამდი კი ვერ ხვდებოდა. სახარების მკითხველი უცხოგვარად ბობღინობდა და კილოც სხვაგვარი ჰქონდა. მიმოვიხედე და რა შევნიშნე? ხალხი, თითქოს იძულებული გრძნობით იყო გატაცებული და არა სასოებით განმსჭვალული. მომაგონდა ის ძველი, სიყმაწვილის ამბავი და ცრემლები გადმომცვივდა!..
ნუთუ საკუთრად ჩემი ბრალია, რომ გრძნობა დამჩლუნგებია და გული ვეღარ ნეტარობს? ვეკითხებოდი თავს და პასუხს არავინ მაძლევდა. მხოლოდ, ამ მოკლე ხანში, შემთხვევით გავიგონე კარგარეთელის სახარების კითხვა და უნებურად შევკრთი, გული ამითამაშდა!.. მისმა კილომ, მომაგონა ჯანელიძის კილო, თუმცა, ასე როგორც აძრდილმა ნამდვილი მომაგონა და კიდევ მივხვდი, რომ მეტყველების კილოში ყოფილა იმისთანა ძალა, რომელიც არც სხვისი ენით გამოითქმის და არც კალმით აიწერება!.. იმისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება და ვაი იმ ხალხს, რომელსაც ის გრძნობის საუნჯე, ის კილო დაეკარგება!..

დაბეჭდილია წიგნიდან: „ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების პერიოდიკაში“. თბილისი - 2015. გვ.245-246-247.

პირველწყარო: გაზეთი „კვალი“, 1894 წ. 3 ივლისი, 28, გვ. 4-5.