понедельник, 23 марта 2015 г.

იოსებ მჭედლიშვილი - როგორ უნდა შესრულდეს ხალხური სიმღერა


1915 წლიდან განვიზრახე და მიზნად დავისახე, როგორმე თბილისელი ქართველებისთვის მეჩვენებინა ხალხური მომღერლები და ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერები მომესმენინებინა.    რა აზრი ქონდა, რისთვის მინდოდა ხალხური მომღერლების თბილისში ჩამოყვანა? - უეჭველია მკითხველს ეს კითხვა დაებადება. მით უფრო, ცნობილი იყო თბილისში მაშინდელი სიმრავლე ხალხური გუნდებისა, რომელთა ლოტბარებიც კამერტონების წკრიალით, ტონის მიცემითა და ხელების ქნევით იყვნენ ცნობილნი საზოგადოების წინაშე.
    ამის საპასუხოდ მოკლედ უნდა ვსთქვა: ქართული ხალხურ სიმღერას არავითარი ტონის მიცემა და მერე ხელების ქნევა არ სჭირდება. ქართული ხალხური სიმღერა, სამხმიანი, ორხმიანი და ერთხმიანია, უმეტეს შემთხვევაში, სამხმიანი. პირველ მოძახილს მეორე მოძახილი მიჰყვება და მერე რამდენიმე ბანი შეავსებს ჰარმონიას, ამასთანავე ყოვლად შეუწყნარებელია რამდენიმე პირველი და რამდენიმე მეორე მოძახილი მღეროდეს, ისევე, როგორც ,,ევგენი ონიგენშიორმა ონიგენმა და ორმა ტატიანამ იმღეროს.
    ხალხური მომღერლები, ვინც უნდა აიღოთ, არამც  თუ ცნობილი მომღერლები, თვით გლეხიც, რომელსაც ჩვეულებრივი ნიჭი შესწევს სიმღერისა, ერთსა და იმავე სიმღერას ხან ასე მღერის, ხან - ისე. მოკლედ ხალხური სიმღერა იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველი შემსრულებელი გლეხი ამ სიმღერის ავტორიცაა. ამიტომ შეუძლებელია რამდენიმე კაცი ამბობდეს პირველსა და რამდენიმე - მეორეს.
    რაც შეეხება ხელების ქნევას, ეს პირდაპირ უაზრობაა და ამაო შრომა. ეს ჩვენმა ქალაქელმა ლოტბარებმა ისწავლეს ევროპელთაგან. მაგრამ ერთი რამ ვერ გამოიცნეს: ევროპაში ხალხურ სიმღერებს კი არ უქნევდნენ ხელებს, არამედ კომპოზიტორთა შექმნილ გუნდებს. მე ვფიქრობდი, რომ ისეთი ხალხური სიმღერები, როგორიც ჩვენა გვაქვს, ევროპელებს ან არა ჰქონდათ, ან თუ აქვთ, მას არ უქნევენ ხელს.
    ჩვენი ლოტბარები კი ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ გუნდის წევრებს, სიმღერებსაც ამახინჯებდნენ და მღერის წესსაც ღალატობდნენ (მათ რომ ვკითხოთ - აკეთებდნენ) , რაც ხალხურ სიმღერას ხალხურობას ართმევდა, ართმევდა ორიგინალურ სახეს.
    სწორედ ამ მიზნით მინდოდა ჩამომეყვანა სოფლიდან ხალხური მომღერლები. მინდოდა, თბილისელებისათვის მეჩვენებინა, თუ რა იყო ქართული ხალხური შემოქმედება, რომელიც ჩვენი მაშინდელი ლოტბარების ხელში მახინჯდებოდა და გადაგვარების გზას ადგა.


წიგნიდან : იოსებ მჭედლიშვილი - ,,მიხა ჯიღაურის გუნდი". საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. თბილისი 2008 წ, გვ. 13-14-15. 


Комментариев нет:

Отправить комментарий