суббота, 1 августа 2015 г.

ავქსენტი მეგრელიძე - გურული ნადური

 
გურული სიმღერები მრავალფეროვანია. არის სახუმარო, სატრფიალო - საარშიყო, საცეკვაო, მგზავრული, მხედრული, სალხინო, საზეიმო, მაყრული, დედოფლის სიმღერა, სამგლოვიარო (ზარი), საბოდიშო (ბატონების ანუ გადამდებ მძიმე ავადმყოფობის დროს სასიმღერო), ძილისპირები (საეკლესიო საგალობლების მაგვარი), აგუნა (კერპთაყვანის დროის სიმღერა. აგუნას (ღმერთის სახელია) მოუწოდებენ, გადმოიარე ჩვენს მხარეზე და კარგი მოსავალი მოგვეციო), აგიდელა (ყურძნის კრეფის დროს), ხელხვავი (სიმინდის რჩევის დროს), სადაც წმიდა გრიგოლს და მიქელ და გაბრიელს მოუწოდებენ კალო გაგვიხვავრიელეო, სიმღერა ცხოველებზე (ხბოზე, ცხვარზე, თაგვზე), ფერხული, ტვირთის გადატანის დროს სასიმღერო. მაგ. ელესა, როცა ერთ რამე მძიმე საგანს, მაგ. სახლს ანუ საწნახელს, რამდენიმე კაცის ძალას სჭირდება. აქ სიმღერაში გარკვევით არის აღნიშნული ადგილი, სადაც ყველამ ერთად სიძლიერით უნდა ასწიონ ან მიაწვენ წასაღებ საგანს. ყველა ზემოდ ჩამოთვლილ სიმღერებიდან განსხვავდება ,,ნადური". მეც მკითხველს ამიტომ მინდა ამ ,,ნადურის" შესახებ გაუზიარო ჩემი მოგონებანი, რომელიც 60-65 წლის ჩემის ცხოვრების მანძილზე მინახავს და განმიცდია.
როდესაც სოფლის მუშა გლეხი თავის საკუთარ  ყანაში სამუშაოდ მოიწვევდა სხვებს, აი ამ შეკრებას უწოდებდნენ გურიაში ნადს. ნადი შესდგებოდა არანაკლებ რვა კაცისა, ამის ზევით შეიძლებოდა ასი და მეტიც. ამა და ამ კაცმა ნადი მოიწვიაო, იტყოდენ. ნადის მომწვევი გლეხი დანარჩენებს (მოწვეულებს) მაინდობდა. მაინდობა ნიშნავდა იმას, რომ გლეხს თვითეულისთვის უნდა გადაეხადა სამაგიერო ყანაშივე მოხმარებით. მუშაობის დროს ნადი ასრულებდა სიმღერას, რომელსაც ,,ნადური" ეწოდებოდა. მაშასადამე, ,,ნადური" არის სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ყანაში მუშაობის დროს ნადი. გურული ნადური, სხვა გურულ სიმღერებთან შედარებით, გურული ხალხური მუსიკის დედა-ბოძად მიმაჩნია. ნადური დიდად განსხვავდება სხვა სიმღრებიდან. ნადურში ხმების შეწყობა ისეთი არ არის, როგორც სხვა სიმღერებში. აქ, მაგ. მესამე ხმა, რომელიც ბანის ადგილს უნდა იჭერდეს, თითქმის თავიდან ბოლომდე ერთ ხმაში მიდის. სრულებით არ არის მოძრავი, როგორც სხვა სიმღერებშია. სხვა სიმღერებში ბანი საკუთარ მელოდიას ასრულებს. აქ კი, დაიწყო მაგ. ,,დო", გადადის ,,სი-ბემოლზე", კიდევ ,,დო", ,,სი-ბემოლი" და ასე ბოლომდე. მთელი ორი ტაქტი გრძელდება მესამე ხმა, ერთ ტონში როცა ამ დროს დამწყები ან კრიმანჭული ხშირად 64 ან კიდევ მეტს სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს ასრულებს. ამნაირად მესამე ხმა ძალიან არამოძრავია. ამ მესამე ხმას უწოდებენ ,,შემხმობს". მაგრამ ამის შესახებ ჩვენ კიდევ გვექნება ბაასი, როცა სხვა ხმებს შევეხებით.
გურიაში ნადური ბევრნაირია. სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვანაირად მღერიან. თავისი საკუთარი ნადური აქვთ, რომელთაც თითქმის არაფერი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან. საჯაოხოში მღერიან ნადურს სხვანაირად, გურიანთაში სულ სხვანაირად.
არის საჯაოხურაი, შემოქმედურაი, ჩოჩხათურაი, გურიანთულაი, ქობლეთურაი, მურღულაი და სხვა. საერთო ამათში მხოლოდ ის არის, რომ მესამე ხმა (შემხმობი), რომელის შესახებ ზევით გვქონდა ლაპარაკი, ერთნაირ როლს ასრულებს ყველა კუთხურ ნადურებში. ნადურს ასრულებს არა ნაკლებ რვა კაცისა. მღერიან ორ ჯგუფად (დასად). ოთხი ერთ მხარეზე და ოთხი მეორე მხარეზე, მეორე დასი ყოველთვის მხოლოდ იმეორებს იმას, რასაც პირველი დასი შეასრულებს. ნადურს რვა კაცზე მეტს არ ასრულებინებენ; 8 კაცი, არც მეტი, არც ნაკლები, თუ ნადი მრავალრიცხოვანია, მაშინ რამდენიმე ჯგუფებად გაიყოფიან და ნადურს ასრულებენ რიგ-რიგობით. ვთქვათ, 32 კაცია ნადში. ეს 32 გაიყოფა ოთხ ნაწილად და მთელი დღე სულ განუწყვეტლივ სიმღერა მიდის. ერთმა 8 კაცმა, ვთქვათ შეასრულა საჯაოხურაი, მეორე რვა კაცი აგრძელებს მეორე კუთხის ნადურს, მაგ. შემოქმედურას, მესამე - გურიანთულას, მეოთხე - ჩოჩხათურას და ასე შემდგომ. როცა ერთი ჯგუფი მღერის, დანარჩენები ყურს უგდებენ, ერთობიან, ხმას ასვენებენ და მუშაობას ამით იადვილებენ. წარმოიდგინეთ რა საინტერესოა სხვადასხვა გუნდების მოსმენა, სხვადასხვა შემსრულებლების მიერ სხვადასხვა კუთხის ნადურების. ნუ დაივიწყებთ, რომ შემსრულებლები არიან საუკეთესო მოწვეული ძალები. აქ უნდა შევნიშნო, რომ საუკეთესოდ მიჩნეულ მომღერალს, მაგ. კრიმანჭულს, მასპინძელი ერთი დღის მუშაობას ორი დღით უნაზღაურებდა. აი, ასეთ ძალებს უყრიდნენ თავს ნადში და, რასაკვირველია, თუ გლეხი სიამოვნებით ასრულებდა სამუშაოს გაცილებით ზედმეტად და დიდის ინტერესით უსმენდა ამავე დროს უმაღლესად, ოსტატურად ასრულებულ თავის საყვარელ ნადურს. ნადურის საშუალებით მუშები თითქმის ორმაგად არულებდენ სამუშაოს. თუ გლეხი მარტო მუშაობით ამა თუ იმ სამუშაოს მაგ. 40 დღე მოუნდებოდა, ამავე სამუშაოს ერთ დღეს 20 კაცი დაამუშავებდა, თუ ნადური იქნებოდა გამართული. ამრიგად, ეს სიმღერა დიდად შველოდა გლეხს მუშაობის დროს. ის მუშაობდა და თანაც ერთობოდა. დაღლას ის ვერ გრძნობდა.
ასე რომ არ ყოფილიყო, განა გლეხი შეიწევდა ნადს? ნადს ხომ განსაკუთრებული ხარჯი მოყვებოდა. საუზმე, სადილი, ზარმელი (იგივეა, რაც სამხარი - გ.გ) და ვახშამი. ეს უთუოდ საუკეთესო კერძი უნდა ყოფილიყო და თანაც, ღვინით და არაყით უთუოდ.
ვახშამზე კი დათვრებოდნენ კიდეც. ასეთი ზედმეტი ხარჯი ახლდა ნადს. ამასთან ერთად, მასპინძელი ზოგიერთ მომღერალს ერთი დღის ნაცვლად ორი დღე უნდა მოხმარებოდა, მაგრამ მასპინძელმა იცოდა დანამდვილებით, რომ ის ამ ზედმეტი ხარჯით არაფერს წააგებდა. აქ კითხვა თავისთავად ისმის, რისი საშუალებით ერთად თავმოყრილი მუშები ასე გადაჭარბებით ასრულებდნენ სამუშაოს? აშკარაა ამის პასუხი - ნადურის საშვალებით. რამდენიც არ უნდა ემღერათ იქ ,,ხასანბეგურაი", ,,შვიდკაცაი", ან ,,საბოდიშო" და სხვა ასეთები, ყანა გაუთავებელი დარჩებოდა და შეიძლება 20 კაცი 10-15 კაცის სამუშაოსაც ვერ შეასრულებდა. მაგრამ ნადური ისე შეწყობილია მუშაობასთან, მისი რითმი ისე მოხერხებულად არის გამოგონილი, რომ ძალა უნებურად თოხის მოსმა და მოძრაობა უთუოდ უნდა შეუთანხმო სიმღერის ზომას. სრულიად უსმენო უნდა იყოს ადამიანი, რომ ის საერთო ზომას (მოძრაობას) ჩამორჩე, რომელსაც ნადურის რითმი გიკარნახებს. არის ასეთი შემთხვევებიც, როცა მაგ. ცეკვის დროს ტაშს ყველანი ერთდროულად ვერ შემოკრავენ, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა. შეიძლება ნადშიც გაერიოს ასეთი, მაგრამ ეს შეიძლება, ას კაცში ერთი ან ორი აღმოჩნდეს. უდავოა, რომ ნადური დიდ დახმარებას უწევს მშრომელ გლეხს მუშაობის დროს.
პირადად მე ნადური, როგორც ზევით მოვიხსენიე, გურული ხალხური მუსიკის მთავარ ნაწარმოებად მიმაჩნია. ეს ნამდვილი ხალხური სიმფონიაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. 20-24 სხვა და სხვა მელოდიები ერთი მეორეზე გადაბმული, ისე მოხერხებულად და ოსტატურად არის ბუნებრივად თანმიმდევრობით შეწყობილი, რომ საუკეთესო კომპოზიტორსაც კი შეშურდებოდა მსგავსი ნაწარმოების შექმნა. გურიაში საუკეთესო სიმღერებად მიჩნეულია მაგ. ,,ხასანბეგურაი", ,,შვიდკაცაი" და სხვა. მე კი ვიტყოდი, გურული სიმღერების საფუძველი არის გურული ნადური. ჩემის აზრით, სიმღერები უფრო ყანაში ნადის მიერ ითქმებოდა და არა ქორწილში ან ტირილში. სწორედ ნადში თავს იყრიდნენ საუკეთესო მომღერლები და მთელი დღე მათ განკარგულებაში იყო. მუშაობა ხომ ხელს არ უშლიდა სიმღერას. იქ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, აბა ვინ როგორ ვარიანტს იტყვის. მე მოწამე ვარ, როცა ასეთი შეჯიბრება ხდებოდა. მაგ. კრიმანჭული ერთ და იმავე მუხლს მეორეჯერ სხვანაირად იტყოდა, მესამეჯერ სხვანაირად და ასე. ორ კრიმანჭულში ერთი წინ მიდიოდა, მეორე მხოლოდ იმეორებდა იმას, რასაც პირველი ამბობდა. მაგრამ თუ პირველი კრიმანჭული ახალ-ახალ ვარიანტებს არ გამოიგონებდა და ერთი და იმავეს შეასრულებდა ყოველთვის, რაც მსმენელებისთვის მოსაბეზრებელი იყო, მაშინ მეორე კრიმანჭული მას ართმევდა პირველობას და ამიტომ, პირველი ცდილობდა ისეთი რამ ეთქვა, რასაც მეორე ვერ გაიმეორებდა. მთელი ნადის ყურადღება ამათკენ იყო მიპყრობილი. ასე იყო ნადში თვითშემოქმედება განვითარებული და რა საკვირველია ახალი სიმღერები სწორედ აქ (ყანაში) ითქმებოდა. ამნაირად თუ ნადი იყო საერთოდ ხალხური სიმღერების გამომგონებელი, რა თქმა უნდა ის უპირველესად ყოვლისა ნადურს განავითარებდა. ამიტომ არის, რომ მე გაბედულად ვამბობ: ნადური არის ხალხური სიმღერების დედაბოძი. საჭიროა მისი შესწავლა და გამოკვლევა. ჩვენი გუნდები გურულ ნადურებს სცენაზე არ ასრულებენ. ეს გასაგებია; შეიძლება ვერ ასრულებენ მისი სირთულის გამო ან და არ ასრულებენ იმიტომ, რომ აუდიტორია ამ სიმღერას არ მიიღებს, ვერ გაიგებს მას. ერთი კი უნდა ითქვას სიმართლე, ნადური სცენაზე ისეთ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, როგორიც მუშაობის დროს. ჩვენ რომ, მაგ. ,,საბოდიშო", ეს მშვენიერი ლირიული სიმღერა ქორწილში შევასრულოთ, არამგონია, რომ ვინმემ მოიწონოს. ისეა ნადურიც.
ნადში წასვლა გლეხისათვის იყო სასიხარულო. მან იცოდა, რომ შორეული სოფლებიდან იქ მოწვეული იქნებოდა საუკეთესო მომღერლები. იქ სასმელ-საჭმელი კარგი იქნებოდა, დროსაც გაატარებდა და აქ შრომას ის სასიამოვნოდ სთვლიდა, მით უმეტეს, რომ, თუ თვითონ კარგი მომღერალი იყო, ერთი დღის ნაცვლად ორ შრომა დღეს მიიღებდა. განსაკუთრებით კრიმანჭულის მთქმელი იშვიათი იყო. მისი მოწვევა მასპინძელს ხშირად შორი სოფლიდან (20-25 კილომეტრი) უხდებოდა. მთელ გურიაში მე მახსოვს იყო სახელგანთქმული 3-4 კრიმანჭული გამყივანი. ესენი იყვნენ ალ. მახარაძე, ხუხუნაიშვილები კოწია და ალექსანდრე, ურუშაძე, ვასაძე, ბაბილოძე. ესენი ახლა ცოცხლები აღარ არიან. დღეს ცოცხლებში შეგვრჩა მოხუცი თეოფილე ლომთათიძე, დავით მდინარაძე, გარსევან სიხარულიძე. საჭიროა ამ იშვიათ გამყივანებს - კრიმანჭულებს ყურადღება მივაქციოთ და ჩავიწეროთ მათგან კრიმანჭულის ხმები. ამ იშვიათ ხმების პატრონებს უნდა გავუფრთხილდეთ. ნადურში კრიმანჭული ანუ გამყივანი წარმოუდგენელ სიმაღლის ბგერებს იღებენ. ესენი ისე შესანიშნავად ალამაზებენ მელოდიებს, რომ მისი მოსმენა კაცს არ მობეზრდება, თუნდაც მთელი დღე უსმენდეს, მით უმეტეს, თუ ის კარგი ამსრულებელია. ამიტომ იყო რომ მოკრიმანჭულეებს სანთლით ეძებდენო, რომ იტყვიან, სწორედ ისე იყო. ეხლა ასეთები უფრო ძნელი მოსანახია, ვინაიდან ძველ ნადურებს ისე ვეღარ ასრულებენ, როგორც წინედ. ეხლა კოლექტივში მონაწილენი ბრიგადებად არიან დაყოფილი და ეს დაყოფა, რასაკვირველია, ხდება არა მომღერლების მიხედვით, არამედ ტერიტორიის. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ეხლა ნადურის მოსმენა რომ მოისურვო გურიაში, უთუოდ დაგვჭირდება 10-15 ბრიგადიდან თითო-ოროლა კაცის გამოყვანა და ნადურის მთქმელის შეკრება. ეს-კი ეხლა ხელს შეუშლიდა კოლექტიურ მუშაობას, რას ასე შესანიშნავად არის მოწყობილი და შრომის ნაყოფიერებაც უსიმღეროთაც გაზრდილია.
ნადის შემწევი მასპინძელი რამდენიმე დღით ადრე შუდგებოდა მზადებას. საჭირო იყო სამელ-საჭმელის მომარაგება, კარგი მომღერლების წინ და წინ შერჩევა და მათი მოპატიჟება-დაპირება. დაუშვათ, მასპინძელს აქვს 100 დღის სამუშაო, ის დაახლოებით 50-60 კაცს დაპატიჟებდა, დაპატიჟებულ დღეს მასპინძლის ოჯახში ქალები დიდ ფაცა-ფუცში არიან. ისინი ამ დღისათვის იხმარებენ მეზობელ ქალებს. ადვილი საქმე ხომ არ არის 60 კაცის საუზმე, სადილი, ზარმელი და ვახშამის მომზადება და ამოდენა საჭმლის ყანაში წაღება. ხშირად ყანა სოფლიდან დაშორებით იყო (5-6 კილომეტრი). მასპინძელი დილით ადრე მიდის ყანაში. თანდათან თავს იყრის ნადი. ნადი ყანაში მოგვიანებით მოდიოდა. მე მახსოვს, გლეხს ეტყოდნენ, თუ ის თავის ყანაში გვიან წავიდოდა: ,,კაცო, სად მიხვალ ასე გვიან, ნადში ხომ არა ხარ მიწვეულიო". აი, ნადმაც მოიყარა თავი. ჩაუდგნენ ნაპირს. ერთმანეთს ათვალიერებენ, მოულოდნელად მოელიან ნადურის დაწყებას. ერთი მათგანი არის მეთაური, ის თავში უდგას გამწკრივებულ ნადს. ის არის ნაპირების გამნაწილებელი და ნადურის წამყვანი. ის არის სიმღერის ტონის მიმცემი და მთავარი წამყვანი ძალა. ეს არის მთქმელი ანუ დამწყები. მას ემორჩილება დღეს მთელი ნადი. მის გვერდით დგას პირველი კრიმანჭული (გამყივანი) შემდეგ შემხმობნი (ორი კაცი). ეს არის I დასი. ნადის მეორე მხარეზე არის მე-II დასი, ასეთივე შემადგენლობით, როგორც I დასი (დამწყები, კრიმანჭული და შემხმობნი). მეორე დასი ყოველთვის იმეორებს იმას, რასაც I დასი იტყვის. გაისმა I დამწყების (მეთაურის) ხმა. ის სიმღერის დასაწყისში ერთ ან ორ ტაქტში მოუწოდებს ნადს მოემზადეთო. იწყებს ნელა და ძალიან დინჯად და მედიდურად: ჰოი და ოჰო ჰო, ამას გამოეხმაურებიან შემხმობნი. ამას იმეორებს II დასი. ეს იყო მოსამზადებელი სიგნალი. იწყება კიდევ პირველი მთქმელის I მუხლის ასრულება. ჯერ მარტო ის მღერის, სოლო რამდენიმე ტაქტის შემდეგ მას აყვება I კრიმანჭული, ეს დუეტი რამდენიმე ტაქტი გრძელდება, ამას შემდეგ მიყვებიან I დასის შემხმობნი, დასრულდა I მუხლი. ამასვე გაიმეორებს II დასი. მეორე მუხლზე გადასვლა დამოკიდებულია მეთაურზე. მას შეუძლია ესე თუ ის მუხლი ხუთჯერ გაიმეოროს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ნადურის I ნაწილი სოლოებით და დუეტებით უფრო მიდის, ვიდრე მეორე ნაწილი. სიმღერა თანდათან რთულდება, შეხურდებიან, იტყვიან. მუშაობაც ამას უთანხმდება. რამდენად სიმღერა ჩქარდება, იმდენად მუშაობა ჩქარდება, ცხოველდება. ზოგი ნადური 20-24 მუხლისაგან შედგება. ბოლო მუხლები მოკლეა და ჩქარი. ხშირად ნადური გრძელდება მთელი საათი, მეტიც. ეს დამოკიდებულია მეთაურზე. ის სიმღერას უთანხმებს სამუშაოს. სიმღერის დაბოლოებას ყოველთვის უთანხმებენ ნაპირის გატანას და დასვენებას. ყოველ 2-3 საათში ისვენებენ, ვისაც უნდა თამბაქოს მოსწევს, დაჯდება და შეისვენებს. შესვენება გრძელდება 20-30 წ. სიმღერის დროს ამბობდნენ სიტყვებს. ამ სიტყვებს უწოდებდენ საჩივარს.
კარგ ნადში სრულდებოდა 24-მდე სხვა და სხვა საჩივარი, სადაც გლეხი გამოხატავდა თავის ჭირვარამს. იყო საჩივარი გმირული ხასიათისაც. საჩივარს (სიტყვებს) მხოლოდ დამწყებნი ამბობდნენ. კრიმანჭული და შემხმობნი უსიტყვოდ მღეროდნენ, ესენი ცდილობდნენ თავისი ხმით მთქმელის მელოდიის გამშვენიერებას. მთქმელი ანუ დამწყები მთავარია ნადურში. ეს არის ნადურის საფუძველი. საინტერესოა როგორ უთანხმებდნენ თოხის მოქნევას სიმღერის რიტმს. 60-70 კაცის თოხის რაკა-რუკი ისე მშვენივრად, რითმულად ეთანხმებოდა სიმღერას (ნადურს), რომ გეგონებოდა დოლი უკრავს და დოლის თანხლებით მიდის სიმღერაო. მე დიდი მოყვარული ვიყავი ნადურის. საცა ნადურს გავიგონებდი იქ გავრბოდი 10-12 წლის ბიჭი. მივიდოდი თუ არა მაშინვე ვინმეს თოხს გამოვართმევდი, ამოვუდგებოდი ნადს გვერდში და მთელი დღე სიამოვნებით ვმუშაობდი და თანაც ვმღეროდი მათთან. მათქმევინებდენ კრიმანჭულს მხოლოდ მეორე დასში. ეს უფრო ადვილი იყო, ვინაიდან მიხდებოდა იმის გამეორება მხოლოდ, რასაც I კრიმანჭული იტყოდა. 18-20 წლის ვიყავი, რომ მაინც არ ვშორდებოდი ნადს. უსასყიდლოდ ვმუშაობდი. ეს იყო ზაფხულობით, როცა სკოლის არდადეგები იყო. ზედმიწევნით კარგად შევიწავლე მაშინ ნადურები. ჩაწერა მაშინ არ შემეძლო. ნადურები ჩავწერე ამ 15-20 წლის წინათ. ძნელი არ იყო ჩემთვის ჩაწერა, რადგანაც პატარაობისას მე თვითონ ვმღეროდი. მე მაშინ სიმღერასა და მუშაობას შორის ასეთ მუსიკალურ კავშირს ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ ვატყობდი, რომ როცა ნადურს შეასრულებდნენ მუშაობის გარეშე, რაღაც ვერ მაკმაყოფილებდა. გლეხებიდანაც ხშირად გამიგონია : ,,არა ძმაო, ნადური ყანაში უნდა ითქვას, ისე ამას შნო არა აქვსო".
ეხლა რომ ვაკვირდები, სწორედ მთელი სილამაზე სიმღერაში შეჰქონდა თოხების ხმაურს, მათ რანწკა-რუნწკს, რომლებიც დოლისებურ რითმს იძლეოდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენი მასპინძლის ყანას და მის 60 კაციან ნადს. დილიდან დაწყებული მუშაობენ და მღერიან. აგერ საუზმის დროც მოახლოვდა. ზოგი მომღერლები სოფლისკენ იცქირებიან. გამოჩნდნენ ქალები. საუზმე მოაქვთ. ეხლა ნადი უფრო აძლიერებს მუშაობას და სიმღერასაც ცდილობენ უფრო კარგად შეასრულონ. უნდათ თავი მოაწონონ ქალებს. მწვანეზე შლიან სუფრას და საუზმეს შეექცევიან. შემდეგ სადილზე და ზარმელზე ასეთივე ამბავია. გათავდა ყანაში მუშაობა. 24 საჩივარი ითქვა.
მომღერლები როგორც მუშაობაში ისე სიმღერაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ყანის გათავებისას იტყოდნენ ,,ელესა"-ს, რომელიც ნიშნავდა მძიმე ტვირთის დაძლევას. გაუდგებოდნენ გზას მასპინძლის სახლისკენ. გზაში ერთხელ კიდევ შემოსძახებდნენ ნადურს და მით ატყობინებდნენ მასპინძლის ოჯახს მათ მიახლოებას. მასპინძელი დიდი პატივით უმასპინძლდებოდა. ვახშმის დროს მღეროდნენ სხვა და სხვა სიმღერებს. ნადურს კი არ იტყოდნენ. მღეროდნენ ,,მასპინძელსა მხიარულსა", ,,ჩვენ მშვიდობა", ,,ხასანბეგურა", ,,მრავალჟამიერ" და სხვა.

 დასკვნა:

ამნაირად, გურული ნადური მეტად საინტერესო ხალხური სიმღერაა. ის ძალიან რთულია და გრძელი, ნადური საუკეთესო საშუალებაა მუშაობის გასაძლიერებლად. ის თავისებურია მით, რომ სრულდება მხოლოდ მუშაობის დროს, მაგრამ როგორც ხალხური მუსიკალური ნაწარმოები მდიდარია სხვა და სხვა მელოდიებით, რაც გლეხის ჭირ-ვარამს ძველად გამოხატავდა. აქ მოისმოდა დაჩაგრული გლეხის კვნესა და იმედიც მომავალში. გლეხი გულს არ იტეხდა და სიმღერით გამოტახავდა იმედს მომავლისკენ. ნაღვლიანი და სევდიანი ხმა ხშირად იცვლება იმედიანი და გმირული მელოდიებით. თუ ნადური იწყება მძიმედ და ნაღვლიანად, სამაგიეროდ ის თავდება ჩქარი და მხიარული ტემპით. ნადური კარგად შესწავლილი უნდა იყოს და რაც ჩაწერილი არ არის უნდა ჩაიწეროს. საუბედუროდ რატომღაც ჩვენს კომპოზიტორებს არც ერთს გურული ნადური ჩაწერილი არა აქვს ჩაწერილი. მე გადავეცი ხალხური შემოქმედების სახლს ჯერჯერობით ორი ნადური, ,,გურიანთულაი" და ,,ჩოჩხათურაი". საჭიროა ყველა ნადურების შეკრება და გამოცემა. ამასთან ერთად უნდა დაევალოს რომელიმე გუნდს ჩაწერილი ნადურების შესწავლა და მისი საჯაროდ შესრულება. ჩემის აზრით ეს უნდა იკისროს ხალხური შემოქმედების სახლმა. რაც შეეხება სხვა გურულ სიმღერებს, ესენი საკმარისად ჩაწერილია. სრულდება კიდეც. ნადური ამ შემთხვევაში რატომღაც უყურადღებოდ არის დატოვებული, მაშინ, როდესაც ის ყველა სიმღერებზე უფრო საინტერესოა ყოველ მხრივ.

 

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ა. მეგრელიძე.

ქ. თბილისი. 25-01.1947 წ.  

წყარო: ,,გურული ნადური" - ავქსენტი მეგრელიძე. გამოსაცემად მოამზადა - ილია თაბერიძემ. თბილისი - 2006.

ფოტოზე: ვარლამ სიმონიშვილი და ავქსენტი მეგრელიძე.

(წერის სტილი დაცულია)