пятница, 19 февраля 2016 г.

ავქსენტი მეგრელიძე - ორიოდე სიტყვა გურული კრიმანჭულის შესახებ


კრიმანჭული არის ძალიან მაღალი მამაკაცის ხმა, რომელიც ხშირად ადის მეორე ოქტავის მი და ფა-ზე. პირველ ხმას, თუ ის დაბალია, ეწოდება მთქმელი, მაშვინ მეორე ხმა არის მოძახილი. თუ პირველი ხმა მაღალია, მას ეწოდება წვრილი ან კრიმანჭული. წვრილი ჩვეულებრივ სრულდება, მხოლოდ კრიმაჭული კი - სულ სხვანაირად. ნოტებზე მისი აღნიშვნა სრული სინამდვილით შეუძლებელია. შეიძლება აღინიშნოს ხმის სიმაღლე მარტო. თუ როგორ სრულდება ის, ამის გამოსახატავი ნიშნები მე ვერ მომიძებნია. ის სიტყვებს არასდროს არ ამბობს. მისი სიტყვებია: ირია, ურუო, ურუოხო, ოუო და სხვა.
კრიმანჭულის დროს პირი თითქმის დახურულია, ძალიან ცოტაა გაღებული. ძალიან მოძრაობს ენა. გაერთიანებულია ცხვრის და თავის (носовой и головной) ბგერები. გამოითქმის ყრუდ. კრიმანჭული შვენის ზოგიერთ სიმღერებს, ყველა სიმღერას ის არ უხდება. კრიმანჭულს კარგად ასრულებენ ქალებიც. კრიმანჭულის ხმა ერთ სოფელში შეიძლება ორ-სამ კაცს ჰქონდეს, ყველას ის არ ეხერხება. მე მახსოვს, რომ ყანურის შესრულებისათვის თუ ამა თუ იმ სოფელში კრიმაჭული არ იყო, იწვევდნენ შორეულ სოფლიდან. ეს ბუნებრივი თანდაყოლილი ნიჭია. ამ ორიგინალური ხმის წარმოშობა გურიაში ძალიან საინტერესოა. არცერთი მეზობელი ხალხი სიმღერებს კრიმანჭულით არ ასრულებს. არ ვიცი ვისი გავლენა უნდა იყოს აქ.  ან შეიძლება გურულებმა სრულიად დამოუკიდებლად შექმნეს ეს ფრიად სასიამოვნო და სიმღერის დამამშვენებელი ხმა. აი კითხვა, რომელიც უთუოდ გამოსარკვევია და საინტერესო მეცნიერული თვალსაზრისით.

წიგნიდან: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები - ავქსენტი მეგრელიძე. გვ. 277. (ფრაგმენტი „გურული კრიმანჭულის შესახებ“ ავქსენტი მეგრელიძეს შეტანილი აქვს სიმღერა „აბა დელი და დელიდას“ ხელნაწერ ანოტაციაში.)

მოისმინეთ ცნობილი გურული სიმღერა - „ხასანბეგურა“, აქვსენტი მეგრელიძის გუნდის შესრულებით: