понедельник, 23 марта 2015 г.

იოსებ მჭედლიშვილი - როგორ უნდა შესრულდეს ხალხური სიმღერა


1915 წლიდან განვიზრახე და მიზნად დავისახე, როგორმე თბილისელი ქართველებისთვის მეჩვენებინა ხალხური მომღერლები და ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერები მომესმენინებინა.    რა აზრი ქონდა, რისთვის მინდოდა ხალხური მომღერლების თბილისში ჩამოყვანა? - უეჭველია მკითხველს ეს კითხვა დაებადება. მით უფრო, ცნობილი იყო თბილისში მაშინდელი სიმრავლე ხალხური გუნდებისა, რომელთა ლოტბარებიც კამერტონების წკრიალით, ტონის მიცემითა და ხელების ქნევით იყვნენ ცნობილნი საზოგადოების წინაშე.
    ამის საპასუხოდ მოკლედ უნდა ვსთქვა: ქართული ხალხურ სიმღერას არავითარი ტონის მიცემა და მერე ხელების ქნევა არ სჭირდება. ქართული ხალხური სიმღერა, სამხმიანი, ორხმიანი და ერთხმიანია, უმეტეს შემთხვევაში, სამხმიანი. პირველ მოძახილს მეორე მოძახილი მიჰყვება და მერე რამდენიმე ბანი შეავსებს ჰარმონიას, ამასთანავე ყოვლად შეუწყნარებელია რამდენიმე პირველი და რამდენიმე მეორე მოძახილი მღეროდეს, ისევე, როგორც ,,ევგენი ონიგენშიორმა ონიგენმა და ორმა ტატიანამ იმღეროს.
    ხალხური მომღერლები, ვინც უნდა აიღოთ, არამც  თუ ცნობილი მომღერლები, თვით გლეხიც, რომელსაც ჩვეულებრივი ნიჭი შესწევს სიმღერისა, ერთსა და იმავე სიმღერას ხან ასე მღერის, ხან - ისე. მოკლედ ხალხური სიმღერა იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველი შემსრულებელი გლეხი ამ სიმღერის ავტორიცაა. ამიტომ შეუძლებელია რამდენიმე კაცი ამბობდეს პირველსა და რამდენიმე - მეორეს.
    რაც შეეხება ხელების ქნევას, ეს პირდაპირ უაზრობაა და ამაო შრომა. ეს ჩვენმა ქალაქელმა ლოტბარებმა ისწავლეს ევროპელთაგან. მაგრამ ერთი რამ ვერ გამოიცნეს: ევროპაში ხალხურ სიმღერებს კი არ უქნევდნენ ხელებს, არამედ კომპოზიტორთა შექმნილ გუნდებს. მე ვფიქრობდი, რომ ისეთი ხალხური სიმღერები, როგორიც ჩვენა გვაქვს, ევროპელებს ან არა ჰქონდათ, ან თუ აქვთ, მას არ უქნევენ ხელს.
    ჩვენი ლოტბარები კი ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ გუნდის წევრებს, სიმღერებსაც ამახინჯებდნენ და მღერის წესსაც ღალატობდნენ (მათ რომ ვკითხოთ - აკეთებდნენ) , რაც ხალხურ სიმღერას ხალხურობას ართმევდა, ართმევდა ორიგინალურ სახეს.
    სწორედ ამ მიზნით მინდოდა ჩამომეყვანა სოფლიდან ხალხური მომღერლები. მინდოდა, თბილისელებისათვის მეჩვენებინა, თუ რა იყო ქართული ხალხური შემოქმედება, რომელიც ჩვენი მაშინდელი ლოტბარების ხელში მახინჯდებოდა და გადაგვარების გზას ადგა.


წიგნიდან : იოსებ მჭედლიშვილი - ,,მიხა ჯიღაურის გუნდი". საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. თბილისი 2008 წ, გვ. 13-14-15. 


воскресенье, 22 марта 2015 г.

ბაასი დიმიტრი არაყიშვილთან

 ამ დღეებში შევიარე ჩვენს კომპოზიტორ . . არაყიშვილთან. დიდხანს ვიბაასეთ საქართველოს აწმყო-წარსულ-მომავალზედა კერძოდ, ხალხურ მუსიკაზე. სხვათა შორის მეტად საყურადღებო აზრი გამოსთქვა ბატონმა არაყიშვილმა ქართულ ხალხურ სიმღერებზე, რომელნიც მას აქვს ჩაწერილი საქართველოში ყოფნის დროს ფონოგრაფით (ხუთასამდე ხალხური სიმღერა აქვს ჩაწერილი).
ბაასის დროს არაყიშვილმა, სხვათაშორის, თქვა: მე ბევრჯერ მოვისმინე ხალხური სიმღერები სხვადასხვა ალაგას გლეხებისგან, მაგრამ განცვიფრებული დავრჩი, როდესაც იგივე სიმღერები გავიგონე ტფილისის სცენაზე ქართულ მომღერალთა გუნდისგანაო, ვსთქვი : რა არის საერთო ამ გუნდისაგან ნამღერსა და ხალხურ სიმღერებს შორის, რომლებიც გაგონილი მქონდა სოფლებში გლეხებისაგანაო. სოფელში ვერც ერთგან ვერ ჰნახავთ, რომ სიმღერაში რამდენიმე პირი იძახდეს პირველსა და რამდენიმე მოძახილი მისდევდეს პირველებსაო. ვერც ქალაქებში კერძო სიმღერებში ნახავთ ამას. ეს ქართული სიმღერის ბუნება არ არის, პირველსაც და მეორესაც მუდამ თითო პირი ამბობს, დანარჩენები ბანს ეუბნებიან. პირველიც და მეორეც სიმღერაში ისე მიხვეულ-მოხვეულებს აკეთებენ, ისეთნაირად ჩააკაკან-ჩაარაკრაკებენ ხმას, რომ ყოვლად შეუძლებელია ეს რამდენიმე ხმამ ერთად შეძლოს. სცენაზე კი მთელი ,,როტაპირველებისა და მეორეებისა გამოჰყავთ ლოტბარებსა და ამახინჯებენ ხალხურ სიმღერებს, რადგანაც ეს მის ბუნებას სრულიარ არ შეეფერება. კიდევ ის არის სამწუხარო, - თქვა არაყიშვილმა, - რომ ტფილისის მომღერალ გუნდების ლოტბარებს ხშირად უყვართ თავიანთი რამის წამატება, რაც მუდამ აფუჭებს ქართულ ხალხურ სიმღერას. მით უფრო სამწუხაროა ესა, რომ ამ ლოტბარებს თავი მცოდნე ჰგონიათ და საზოგადოებაც უჯერებს მათა. შეიძლება, მათი ასეთი სიმღერები მივიღოთ კიდეც, როგორც კარგი, მაგრამ, როგორც ქართული ხალხური სიმღერა, კი არა.
ნიჭიერი და სინდისიერი ლოტბარი, თუ აიმას ნამდვილი ხალხური სიმღერების ჩვენება უნდა, არაფერს მიუმატებს, არც გამოაკლებს, რადგანაც ყოველი ნოტი, ყოველი მიმოხვრა ხმისა დამახასიათებელია იმ ხალხის სულისა, რომელიც მასა მღრის, ეს არის ძვირფასი განძი, იმას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს უნდა შევინახოთ, ხოლო, თუ გამოვცვლით, სხვა სახელი უნდა დავარქვათ და არა ქართული - ნამდვილი ხალხური სიმღერა.


წიგნიდან : იოსებ მჭედლიშვილი ,,მიხა ჯიღაურის გუნდი“. საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრი. თბილისი 2008 . გვ,  13-14.



ილია ჭავჭავაძე და ხალხური სიმღერა


წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს, ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს სანდრო კავსაძე სიმღერა-გალობის მასწავლებლად მოუწვევია.
ახალგაზრდა მომღერლისა და ლოტბარის მოღვაწეობა აღაფრთოვანებდა დიდ ილიას. თურმე განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული ,,ურმული“ და ,,ოროველა“. მიხეილ ჯავახიშვილის შემოუნახავს მეტად საინტერესო მოგონება საგურამოში - ,,ილიაობაზე“ - წინამძღვრიანთკარის სკოლის მოწაფეებისა და მასწავლებლების, მათ შორის, სანდრო კავსაძის სტუმრობის შესახებ : ,,ილიას დღეობაში ზედიზედ ოთჯერ ვიყავი. 1896 და 1897 წელს, ჩვენს გუნდს ორდენოსანი სანდრო კავსაძე ხემძღვანელობდა. მე პირველ ხმას ვამბობდი, ის კი მოძახილს... იმ დილით გალობაში კიდევ ერთხელ ვივარჯიშეთ, სუფდად ჩავიცვით და საგურამოსკენ გავწიეთ. წინ მასწავლებელი თედო მეგრელიშვილი  მიგვიძღვის, მას მომღერალთა გუნდი მოსდევს...
ილიას სახლს რომ მივუახლოვდით, მგზავრულის კილოზე მისივე ლექსი დავსძახეთ :       

ქართველოს ხელი ხმალს იკარ,                               
დღე გათენდა დიდებისა,                               
თოფ-იარაღი აისხით,                               
დრო მოდის გამარჯვებისა!

წინ ილია გამოგვეგება, გარს შემოვეხვიეთ და სიმღერა დავასრულეთ...
       ჩვენმა გუნდმა უამრავი სიმღერა იცოდა : ,,გუშინ შვიდნი გურჯანელნი“ , ,,გაფრინდი შავო მერცხალო“ , ,,მურმანო“ , ,,თამარის დროშა გაშალეს“ , ,,წაიყვანეს თამარ ქალი“ , ,,აღსდეგ, გმირთ-გმირო“ , ,,ჩუხ-ჩუხით ჩამორბოდა“  და მრავალნაირი ,,მრავალჟამიერი“. ვულგარულ ,,შენი ჭირიმეს“ და რატილის კილოებს ილიას ხალხური სიმღერა ერჩივნა. ეს ჩვენც ვიცოდით და თითქმის, მხოლოდ ლადო აღნიაშვილის რეპარტუარს ვიყენებდით. ილია ბანს გვეუბნებოდა, მაგრამ სმენა არ უვარგოდა და ამიტომ, მისი ხმა დისონანსად ისმოდა. ჩვენ რათქმაუნდა, ვერაფერს ვუბედავდით. სამაგიეროდ ერთმა გლეხმა შეუბედა და გააჩუმა.
        ,,ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ“ ილიას გაგიჟებით  უყვარდა. ეს სიმღერა ჩვენი გუნდის  შემდეგ გლეხებმა დაიწყეს. ილია მაშინვე იქ გაჩნდა, ორ გლეხს მხრებზე მოეხვია და ბანი მიაყოლა. მეც იქ აღმოვჩნდი და ერთი მოკლე დიალოგი გავიგონე:
-  ილიავ გაჩუმდი , - უთხრა გლეხმა.
- ვერ გავჩუმდები, - მიუგო ილიამ, - ეს სიმღერა ძლიერ მიყვარს და მეც უნდა ვიმღერო.
- ილია, გაჩუმდი თორემ ჩვენ გავჩუმდებით.
- კარგი, ისევ მე გავჩუმდები, - უთხრა ილიამ და ის სიმღერა ხანგამოშვებით სამ-ოთხჯერ ათქმევინა".

სურათზე : სანდრო კავსაძე ილიაობაზე 1896 წ.
წიგნიდან : ,,კავსაძეები - მონოგრაფია" . საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრი. თბილისი 2007 წ. გვ,  7-8.

суббота, 21 марта 2015 г.

პოლიევქტოს კარბელაშვილი - ქართული გალობისთვის

თვით ქართული კილოები ჩემულობენ დიდხნიერ სიძველესა და პატივისცემით მოპყრობას თხოულობენ, ყოველის ქართველისაგან, რადგანაც ყოველი ძველთაგან დარჩენილი ,,კილოარის ხმა გულისა-სულისა, გამომხატველი რომელიმე აზრისა და სასურველისა. გალობა, როგორც ხმა არის გამომხატველი სულიერის მადლიანობისა ; იგი არის სულისა და გულის საუბარი-ვედრება პატივად რომელიმე უმაღლესის არსებისა, შექმნილი და შემუშავებული ერისაგან იმავე თავით, შექმნილი და შემუშავებული თავისებურის, თვითმყოფის მოხერხებით მამა-პაპათაგან სამშობლო მიწა-წყალზედ, სამშობლო ცის ქვეშ.
ეგრეთს სამშობლო სიმღერასა და გალობასა ყოველი ერი შეჩვეულია დაბადებიდანვე და ამიტომ, რომელიმე სხვა ერის - სატრფიალო გალობა-სიმღერა ჩვენს ყურს ეხამუშება, გულს არ ეკარება, სასოებისა და ლოცვისთვის არ აღძრავს კაცსა. ამიტომ, ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი ქართველთა სარწმუნოებრივი დაქვეითებისა დღეს არის ქართული საეკლესიო გალობის დაცემა..
სამაგიეროდ, მამა-პაპათა სარწმუნოება და მისი თავგანწირვამდე სიყვარული აიხსნება მხოლოდ სამშობლო გალობის გავრცელებით. მუდმივი გალობის სმენა წირვა-ლოცვის დროს ანელებდა ქართველ კაცსა გადახდილ ჭირთა და უკეთესის მერმისის სასოებას უბადავდა. აი, იდუმალა ძალა სამშობლო გალობისა და ამიტომ ჩვენ, ყველასათვის სანატრელია მისი კვლავ აღდგენა და გავრცელება ჩვენს ხალხში.
კაცის მჭამელზედ უარესია მომსპობი და შემცვლელი სამშობლო გალობისა და სიმღერისა, - უცხო იქნება იგი, თუ შინაური. სამშობლო გალობისა და სიმღერის დაკარგვასა და შეცვლასა მე ვადარებ სამშობლო-ენის, თვით სამშობლოს დაკარგვასა!


პოლიევქტოს კარბელაშვილი

წიგნიდან : ,,ქართულის საერო და სასულიერო კილოები". პოლიევქტოს კარბელაშვილი. (მეორე გამოცემა) თბილისი 2011 . გვ, 16.