воскресенье, 22 марта 2015 г.

ილია ჭავჭავაძე და ხალხური სიმღერა


წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს, ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს სანდრო კავსაძე სიმღერა-გალობის მასწავლებლად მოუწვევია.
ახალგაზრდა მომღერლისა და ლოტბარის მოღვაწეობა აღაფრთოვანებდა დიდ ილიას. თურმე განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული ,,ურმული“ და ,,ოროველა“. მიხეილ ჯავახიშვილის შემოუნახავს მეტად საინტერესო მოგონება საგურამოში - ,,ილიაობაზე“ - წინამძღვრიანთკარის სკოლის მოწაფეებისა და მასწავლებლების, მათ შორის, სანდრო კავსაძის სტუმრობის შესახებ : ,,ილიას დღეობაში ზედიზედ ოთჯერ ვიყავი. 1896 და 1897 წელს, ჩვენს გუნდს ორდენოსანი სანდრო კავსაძე ხემძღვანელობდა. მე პირველ ხმას ვამბობდი, ის კი მოძახილს... იმ დილით გალობაში კიდევ ერთხელ ვივარჯიშეთ, სუფდად ჩავიცვით და საგურამოსკენ გავწიეთ. წინ მასწავლებელი თედო მეგრელიშვილი  მიგვიძღვის, მას მომღერალთა გუნდი მოსდევს...
ილიას სახლს რომ მივუახლოვდით, მგზავრულის კილოზე მისივე ლექსი დავსძახეთ :       

ქართველოს ხელი ხმალს იკარ,                               
დღე გათენდა დიდებისა,                               
თოფ-იარაღი აისხით,                               
დრო მოდის გამარჯვებისა!

წინ ილია გამოგვეგება, გარს შემოვეხვიეთ და სიმღერა დავასრულეთ...
       ჩვენმა გუნდმა უამრავი სიმღერა იცოდა : ,,გუშინ შვიდნი გურჯანელნი“ , ,,გაფრინდი შავო მერცხალო“ , ,,მურმანო“ , ,,თამარის დროშა გაშალეს“ , ,,წაიყვანეს თამარ ქალი“ , ,,აღსდეგ, გმირთ-გმირო“ , ,,ჩუხ-ჩუხით ჩამორბოდა“  და მრავალნაირი ,,მრავალჟამიერი“. ვულგარულ ,,შენი ჭირიმეს“ და რატილის კილოებს ილიას ხალხური სიმღერა ერჩივნა. ეს ჩვენც ვიცოდით და თითქმის, მხოლოდ ლადო აღნიაშვილის რეპარტუარს ვიყენებდით. ილია ბანს გვეუბნებოდა, მაგრამ სმენა არ უვარგოდა და ამიტომ, მისი ხმა დისონანსად ისმოდა. ჩვენ რათქმაუნდა, ვერაფერს ვუბედავდით. სამაგიეროდ ერთმა გლეხმა შეუბედა და გააჩუმა.
        ,,ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ“ ილიას გაგიჟებით  უყვარდა. ეს სიმღერა ჩვენი გუნდის  შემდეგ გლეხებმა დაიწყეს. ილია მაშინვე იქ გაჩნდა, ორ გლეხს მხრებზე მოეხვია და ბანი მიაყოლა. მეც იქ აღმოვჩნდი და ერთი მოკლე დიალოგი გავიგონე:
-  ილიავ გაჩუმდი , - უთხრა გლეხმა.
- ვერ გავჩუმდები, - მიუგო ილიამ, - ეს სიმღერა ძლიერ მიყვარს და მეც უნდა ვიმღერო.
- ილია, გაჩუმდი თორემ ჩვენ გავჩუმდებით.
- კარგი, ისევ მე გავჩუმდები, - უთხრა ილიამ და ის სიმღერა ხანგამოშვებით სამ-ოთხჯერ ათქმევინა".

სურათზე : სანდრო კავსაძე ილიაობაზე 1896 წ.
წიგნიდან : ,,კავსაძეები - მონოგრაფია" . საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრი. თბილისი 2007 წ. გვ,  7-8.

Комментариев нет:

Отправить комментарий