воскресенье, 3 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - სიტყვა თქმული კონსერვატორიაში გამართული დებატების შესახებ - 01.05.2015 (ექსპერიმენტი)


1. ,,ჩვენ გვიკვირს, იმ ათას კაცში, რომელიც ამ წლევანდელ კრებას დაესწრო, ერთი როგორ მაინც არ გამოჩნდა იმისთანა, რომ კრებისათვის თვალი აეხილებინა და ეთქვა: “ამას რას ვჩადით? როგორ ვკადრულობთ, რომ არც-კი გვინდა გავიგოთ, ჩვენთან ერთად ჩვენი მოწილე, ჩვენი მოამაგე, ჩვენი მოძმე მოსულა აქ ჩვენს საერთო საქმეზე ჰოსა და არას სათქმელად, თუ სასაცილოდ ავუგდივართ ვისმე, რაღაც ფარატინა დაუჭერია ხელში და უნდა ჩვენი ღირსება გადათელოს და თავისი საკუთარი ჟინი და თავგასულობა ჩვენდა საერთო სურვილად გადააქციოს.”  (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

2. ,,უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ, მისი გაუპატიურება, მისის ღირსების აქეთ-იქით თრევა, მისის პატიოსნების წაბილწება და თელვა, მისის განზრახვის, სინდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა და აქოთება ისე გვეადვილება არამც თუ შინაურს ლაპარაკში, არამედ საჯაროდაც, რომ თითქო ბაკლა და ისპანახი იყოს.”  (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

3. ,,იმ ათას კაციან კრებულში ერთმა მაინც როგორ არ იგრძნო მთელი უკეთურობა, მთელი წინდაუხედაობა, მთელი უკადრისობა ამისთანა საქციელისა, რომელიც უფრო მუშტის გაძალიანებასა და ძლევამოსილობასა ჰგავს, ვიდრე ჭკვადამჯდარ გონიერების განსჯასა და განკითხვას? როგორ ერთი ვინმე არ აიმღვრა სულით და გულით და სამართლიანის რისხვა-ჭექით არ აუხილა კრებას თვალი ამისთანა საქციელზედ?თითქო არ იცოდნენ კი, ეს ამოდენა ხმა ვისია, საიდამ არის და როგორ არის დაჩემებული.”  (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

4. ,,დღეს ისეთი დღეა, რომ თვითეულს სიტყვას დიდის სიფრთხილით უნდა მოვექცეთ, და ვიდრე სხვისა თქმულს ბეჭდვით საჯაროდ განვიმეორებდეთ, ავწონ-დავწონოთ, რა თქმულა და როგორ თქმულა. დღეს ისეთი დროა, რომ თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხის მგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ.” (“წერილი რედაქციის მიმართ”. 1905 წ. 9 მარტი).

5. ,,რანი ვართ? ვის სათამაშოდ და სამასხარაოდ გაგვიხდია თავი? ქვევრები ვართ, რომელთა რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოიძახონ, თუ ადამიანები, რომელთათვისაც ღმერთს გონება და ჭკუა მოუცია, რომ ათჯერ ჰზომოს და ერთხელ გამოსჭრას, ნამეტნავად იქ, საცა საზოგადო საქმეა, ყველასათვის ერთნაირად საზრუნავი და გულშესატკივარი.” (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 2 ნოემბერი).

6. ,,თუნდ ეგეც არ იყოს, თუნდ არავისაც არ ეკადროს ჩვენი მოტყუება, მაინც გაუსინჯველად რწმუნების წერილების მიღება თვითნებობა იქნება და რას იტყვიან ჩვენზე: აი, ერთად-ერთი საზოგადო საქმე აბარიათ, ერთად-ერთი საქმე აუჩენიათ, და აღარც წესს დაგიდევენ, აღარც რიგს, აუღიათ და რაც ჟინსა და ახირებას მოუწადინებია, იმას სჩადიან. არა, ნუ ვიქმთ მაგას, ნუ გავიტეხთ სახელს. ამას ითხოვს ჩვენი საკუთარი ღირსება, მართებულობა, ჩვენი საზოგადოებური პატიოსნება, საზოგადოებური მაღალზნეობა და მოვალეობა.” (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

7. ,,ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვს სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად.” (“ნუთუ”. 1905 წ.)

8. ,,ლანძღვა-გინებაც ხელშეხებაა ადამიანის ღირსებისა, მაგრამ არა იმ ზომისა, რომ საქმიანმა პრესამ ამის გამო ბუკი და ნაღარა დაჰკრას. ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს, ხოლო სიბრიყვე ავზნეობის ნიშანი კი არ არის. გაუზრდელობის, გაუწვრთნელობის საქმეა. იმდენი დღეგრძელობა თქვენა გქონდეთ, რამდენი ქვეყანაზედ ბრიყვი და უზრდელი კაცი იყოს და ამასთან ყოვლად კარგი და პატიოსანი”. (“ნუთუ”. 1905 წ.).

9. ,,კიდევ ვიტყვი, რომ პირველდაწყებითი კანონი და მოძღვრება მთელის განათლებულის თუ გაუნათლებელ კაცობრიობისა ის არის, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, და მას მერმეთ, დიახ მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. და უამისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა, მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფა-ცხოვრება. (“ნუთუ”. 1905 წ.).

10. ,,დღეს ბალღმაც კი იცის, რომ უსწორ-მასწორობა, უჯრა-უჯრობა, გუნდ-გუნდობა კაცთა საზოგადოების აგებულებაში, პატარაა იგი საზოგადოება თუ დიდი, ყველა წარჩინებულ კაცთაგან ცნობილია წარმატების დამაბრკოლებელ მიზეზად”. (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).


ილია ჭავჭავაძე

 სტატია შედგენილია ჩემს მიერ, გიორგი გორდელაძე - 03.05.2015





Комментариев нет:

Отправить комментарий