пятница, 31 июля 2015 г.

ედიშერ გარაყანიძე - ბავშვთა მუსიკალური აღზრდის შესახებ


 

ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედება თავისი მნიშვნელობით ეროვნულ მუსიკალურ კულტურათა სიბრტყეზე შეიძლება იქნეს განხილული, ვინაიდან იგი თვითაა დასრულებული, მკაფიოდ ჩამონაკვთული სისტემა, თავისთავადი ჰარმონიული ენითა და მრავალფეროვანი მუსიკალური ფორმებით.
შეუძლებელია, მუსიკალური კულტურა მუსიკალური აღზრდის გარკვეულ ტრადიციებს არ ეყრდნობოდეს. ჩვენს შემთხვევაში საქმე ხალხურ მუსიკალურ კულტურასთან გვაქვს. ამიტომ აღზრდის აღნიშნული ტრადიციებიც, შესაბამისად, ხალხურ ყოფასთან დაკავშირებული გახლდათ.
ისინი მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა დღევანდელ, ე.წ ,,სპეციალურ მუსიკალურ განათლებას". ხალხური მუსიკალური აღზრდის შედეგი უფრო ჰარმონიული პიროვნება იყო, ვიდრე ჩინებული მუსიკოსი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მუსიკალური აღზრდა ზოგადად აღზრდის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა.
სახელზმნა ,,აღზრდა" ორმაგი შინაარსის მატარებელია. შეიძლება ვინმემ ვინმე აღზარდოს, მაგრამ შეიძლება, ვინმემ თვითონ აღიზარდოს (პირადი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების საფუძველზე). ხალხური, აუთენტური მუსიკალური აღზრდის სახით საქმე ხშირად უკანასკნელთან შემთხვევასთან გვაქვს. მუსიკალური განათლების პროგრამებითა და მეცნიერ-პედაგოგთა მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით შემაგრებულ სისტემას აქ მუსიკალური ყოფის ათასწლოვანი ტრადიციები ენაცვლება.
წერილობითი დებულებების არარსებობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ აღზრდა არათანმიმდევრულად ხდებოდა. პირიქით, ცხოვრებისეული მუსიკალური გამოცდილების შეძენის შესაბამისად, ბავშვის მუსიკალური განვითარება გარკვეულ საფეხურებამდე მიმდინარეობდა. ასე მაგალითად, ჩვილი ბავშვი ყოველდღიურად უსმენდა საკუთარი დედის, ან ამა თუ იმ ახლობელი ქალის ,,ნანას". ამით ეყრებოდა საფუძველი მის საწყის მუსიკალურ-ინტონაციურ მარაგს (ცხადია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, ნაყოფი დაბადებამდეც აღიქვამს მუსიკას). ამას მოსდევდა ინფექციური დაავადებებისას შესრულებული საგანგებო სიმღერების, პარალელურად - ოჯახში მოსული სტუმრების მღერის მოსმენა; დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან - უკვე სახლის გარეთ, რელიგიურ დღესასწაულებზე, სოფლის ლხინებზე, შრომის ამა თუ იმ პროცესში მიღებული მუსიკალური შთაბეჭდილებები. იმავდროეულად ისახებოდა ბავშვის აქტიური სასიმღერო მოღვაწეობა. მუსიცირებას, როგორც წესი, ბავშვთა ფოლკლორში, ძირითადად - ბავშვთა თამაშობების წიაღში ეყრებოდა საფუძველი. ეს იყო ბავშვთა ფერხულები, თამაშები, გათვლები, მითვლები. ბავშვთა ფოლკლორში არსებული ინტონაციები უაღრესი სიმარტივით გამოირჩევა და დასაძლევად იოლია სუსტი მუსიკალური მონაცემების ბავშვებისთვისაც. მრავალი ეს ნიმუში ერთ ხმად სრულდება, უნისონური მღერა კი მნიშვნელოვნად აიოლებს მერყევი მუსიკალური სმენის გამყარებას.
ბავშვის მუსიკალური მონაცემების განვითარებაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა შრომით საქმიანობაში მონაწილეობის დაწყება (აღსანიშნავია, რომ შრომით პროცესში მონაწილენი, როგორც წესი, მუშაობასთან ერთად, მღეროდნენ კიდეც). ,,გუთნურის" ტიპის სიმღერებში მარტივი გაბმული ბანის, სამკალ და თოხნურ სიმღერებში კი ასევე გაბმული ან მარტივი ოსტინატური ბანის შესრულება სირთულის თვალსაზრისით შემდეგ, უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენდა. კიდევ უფრო მაღალი საფეხური იყო რელიგიურ დღესასწაულებზე, საკულტო სიმღერებში მონაწილეობა. დროთა განმავლობაში მოზარდი ძირითადი, მაღალი ხმების შესრულებესაც ეჩვეოდა. ბავშვთა ფოლკლორის, საგუნდო სიმღერების გარდა შესანიშნავ სკოლას წარმოადგენდა აგრეთვე, აქტიური თუ პასიური მონაწილეობა საქორწილო, სამგლოვიარო, მაგიურ თუ სხვა სიმღერებში.
უკვე 100 წელზე მეტია, რაც ქართული მუსიკალური ფოლკლორის შემსრულებლობაში ძირეული ცვლილებების ხაზი გამოიკვეთა. ქალაქურ ანსამბლებში თავჩენილი ეს პროცესი თანდათან ქართულ პროვინციასაც გადასწვდა. ცვლილებათა უმთავრესი წილი დასავლეთ-ევროპული აკადემიური სტილისკენ ლტოლვაზე მოდის. უძველესი მუსიკალურ-ფოლკლორული ტრადიციების იერსახის შეცვლა, მათი გაუკუღმართება აღზრდის არესაც შეეხო.
უპირველეს ყოვლისა, ნირი შეიცვალა აღზრდის პრინციპმა. მისი არსი აღარ ეთანადება ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებას. ქართულ საბავშვო ფოლკლორულ ჯგუფებში, რომლებიც ხალხური შემოქმედების საფუძველზე ბავშვთა აღზრდის ძირითად კერებს წარმოადგენს, ხდება მომღარალ-მოცეკვავე-დამკვრელების, და არა პიროვნებათა ჩამოყალიბება. საბჭოთა სინამდვილემ ჩამოაყალიბა ე.წ ,,ბავშვ-ვუნდერკინდის" ტიპი, რომელიც საქართველოში აღმატებულ ხარისხში წარმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ბავშვთა საყოველთაო ,,ვუნდერკინიზაცია" მოხდა. ამან უფროსების და მოზარდებისადმი მსგავსი მიდგომა განაპირობა. ბავშვებისაგან იმთავითვე მოითხოვენ ურთულესი ქორეოგრაფიული ილეთების და ძნელად დასაძლევი ვოკალური პასაჟების დაძლევას. გარკვეულ საფეხურზე ეს მიიღწევა კიდეც, მაგრამ მიიღწევა ყაზარმული დისციპლინით, ,,ჯოხის პოლიტიკით". თითოეული ბავშვისგან ერთსა და იმავეს მოითხოვენ, მაშინ როცა არ არსებობენ ზუსტად ერთი და იგივე მონაცემების მქონე ბავშვები. ასეთ პირობებში ჩამოყალიბებული მომღარალი თუ მოცეკვავე მოგვიანებით თვითონ აყალიბებს მსგავს ჯგუფს და თვითონაც ,,ჯოხის პოლიტიკის" გამტარებელი ხდება. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ მუდმივ დაძაბულობასა და სტრესში მყოფ ბავშვს უმუშავდება კომპლექსი, რომლის თანახმადაც იგი მოგვიანებით სხვებზე ,,იყრის ჯავრს". ასეთი კომპლექსის მატარებლად უფრო ხშირად აწინდელი ქორეოგრაფები გამოიყურებიან (ცხადია, არსებობს გამონაკლისები).
საბჭოთა პერიოდში ხშირად გვსმენია ვუნდერკინდი მუსიკოსების შესახებ. მათი უდიდესი ნაწილი კარგ ტექნიკოსად ყალიბდება, მაგრამ ხელშესახებ შემოქმედებით წარმატებებს ვერ აღწევს და ეს - იმიტომ, რომ თავის დროზე მისი პიროვნული ,,მე" წაშლილ იქნა. შემთხვევით როდია, რომ ბოლო ათასწლეულებსი დასავლეთში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა აღზრდის კარლ ორფისეულმა სისტემამ, რომელიც ,,ვუნდერკინიზაციაზე" უარს ამბობს. ამგვარადვე სრულიად ნათელია, რატომ ხდებიან დღევანდელ გარემოში აღზრდილი ქართველი ბავშვები ერთხელ და სამუდამოდ გაზეპირებულის კარგი ამსრულებლები, მაგრამ არა მაძიებელი ხელოვანნი. ეს ეხება როგორც მოცეკვავეებს, ასევე მომღერლებს და დამკვრელებს; სავსებით გასაგებია, რატომაა ბუნებრივ გარემოში აღზრდილი მომღერლის, ვაჟა გოგოლაძის მიერ შესრულებული სიმღერის ვარიანტი მუდამ ახალი, მაშინ როდესაც ჩვენი საბავშვო ანსამბლებში ჩამოყალიბებული შემსრულებლები წლების მანძილზე მუდამ ერთსა და იმავეს მღერიან. თავიდათავი, ჩემი აზრით, ამ უკანასკნელთა მუსიკალური აღზრდის არათანმიმდევრულობა, მათი აღმზრდელების მიერ აღზრდის ხალხური ტრადიციების უგულებელყოფაა. ამ გზით კი ჩვენ შედეგად მარტოოდენ უხერხემლო, უსულო ხელოვნებას, უფრო სწორედ - მის სუროგატს ვიღებთ. ასეთ შემთხვევაში მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
როგოც უკვე აღვნიშნე, მუსიკალური აღზრდის აუთენტური სისტემა უმარტივესიდან ურთულესისკენ სვლაზე იყო დამყარებული. ეს და, აგრეთვე ის გარემოება, რომ აღნიშნული სისტემა ყველანაირი მონაცემების ბავშვების აღზრდას ითვალისწინებდა, საფუძველს გვაძლევს მისი თანამედროვე მასობრივი მუსიკალური განათლების ნიშანსვეტად დასახვისა. ამ შემთხვევაში მნისვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეზიარებიან საკუთარ ძირებს, არამედ ისიც, რომ მათი მუსიკალური განვითარება თანმიმდევრულად, ლოგიკურ საფეხურებად წარიმართება.
ადრეულ საფეხურებზე სრულიად აუცილებლად მიმაჩნია, მივმართოთ საბავშვო თამაშობებს, ლექსებს, გათვლებს, გამოცანებს, საბავშვო ფერხულებს. ამის მეოხებით მიიღწევა, ერთის მხრივ, ეროვნული ინტონაციური ,,ანა-ბანას" დაუფლება, მერეს მხრივ კი, სანუკვარი მიზანი - არ წავართვათ ბავშვებს ბავშვობა, დავუმატოთ მათ ხალისით, მხიარულებითა და სილაღით აღსავსე ფერადოვანი სულიერი სამყარო, რომელსაც ისინი უფროსთა რეპერტუარის თავსმოხვევის გამო უდროოდ ეთხოვებიან.
მომდევნო ეტაპზე ეტაპზე მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს მარტივი ცალფა და ერთხმიანი სიმღერების, იოლად ასათვისებელი ცეკვებისა და ფერხულების სწავლება და უმარტივესი (ე.წ ,,საბავშვო" ) საკრავების დაუფლება.
შემდეგი საფეხური იქნება ვოკალური მრავალხმიანობის სადა სახეობების ზიარება - ერთის მხრივ, ერთ და ორსაფეხურიანი ბურდონული, მეორე მხრივ კი, ორ-სამსაფეხურიანი ოსტინატური ბანის შემცველი სიმღერების შესწავლა. მოცემულ საფეხურზე ბავშვებს მიეწოდებათ შედარებით უფრო რთული ქორეოგრაფიული ნიმუშები და მარტივი ინსტრუმენტული (სავარაუდოდ - საფანდურო და სასალამურო) დასაკრავები.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადასვლა ტიპურ საუფროსო, შედარებით რთულ, შემდეგ კი, თანდათანობით, ურთულეს უფროსთა რეპერტუარზე.
აღზრდის პირველივე საფეხურიდან უნდა ვიზრუნოთ იმპროვიზაციის, გამოგონებების, შემოქმედებითი უნარის გაღვივებაზე. ამის მცდელობა უნდა ახლდეს სიმღერის, ცეკვის, დასაკრავის, თამაშობის თუ ლექსის სწავლებას. რაც შეეხება გართობისა და თამაშის მომენტს, იგი, სხვადასხვა დოზით, წითელ ზოლად უნდა გასდევდეს აღზრდის პროცესს.
დღევანდელ პირობებში, როცა საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და სამეურნეო ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა და გარედან ხელოვნურმა ჩარევამ სოფლადაც კი საბოლოოდ მოშალა მუსიკალური აღზრდის ტრადიციული რიგი, ამგვარი მიდგომა ეროვნულ ნიადაგზე ბავშვთა აღზრდის ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნია.

ედიშერ გარაყანიძე.

 ,,ხელოვნება", № 1-2-3, 1997.

წიგნიდან: ედიშერ გარაყანიძე - რჩეული წერილები. თბილისი - 2007 წ. გვ. 119-124.

           ფოტო: ედიშერ გარაყანიძე დიდ ბრიტანეთში, ,,workshop"_ზე. (ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი მაგდა კევლიშვილს.)

 

Комментариев нет:

Отправить комментарий