понедельник, 21 сентября 2015 г.

ალექსანდრე გორდელაძის სიტყვა, თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზედ, ქუთაისის სობორში

გვიან საუკუნეებში, ლიხაურიდან ბახვში გორდელაძეების სამი-ოთხი ოჯახი გადმოსახლებულა.
ერთ-ერთის, ეროდეს შთამომავლები სათუთად უფრთხილდებოდნენ თავიანთი წინაპრების სახელებს და წინა ექვსი თაობის მანძილზე აღნუსხავდნენ; რაც გადმოცემითა და უხუცესებისგან ცნობად მიიღეს, ასე ჟღერს: ეროდე გორდელაძე, ჯაბულო, წყალობა, გლახუნა, ანტონი. ანტონის სამი შვილი ეყოლა: ეროდე, ივანე, გინატრე.
დედის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი გინატრე მონაზვნებს გაუზრდიათ, განათლება მიუციათ (ეკლესიაში), 15 წლის გაუთხოვებიათ; 1880-1896 წლებში იგი ბახვის სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. ივანეს ხუთი შვილი შეეძინა, ეროდეს არ მიეცა. ეროდემ სთხოვა ძმას, ერთი შვილი ჩემს სახელზე იყოსო. ივანემ: აირჩიე რომელიც გსურს, წაიყვენა და აღზარდეო. ეროდემ იუარა: რას ქვია წავიყვანო! დედმამიშვილებს ერთმანეთს როგორ დავაცილებთო, ნება მოგვეცი მე და ჩემი მეუღლის ნაოფლარი შემოგაშველოთ და ყველა ერთად აღიზარდოსო. ასეც მოხდა: გაყოფილი მამულის შუა გავლებული წნელის ღობე ფიჩხად მოიხმარეს და ყველამ ერთად დაიწყო შრომა ხუთი ბავშვის აღსაზრდელად. მათი ოჯახი განუყოფელი იყო: დილას, შუადღეზე და საღამოს სუფრასთან 16 სული ჯდებოდაო.
ისე მოხდა, რომ ერთი გორდელაძეთაგანი ამ ოჯახებიდან მეტად გამორჩეული იყო და ისტორიაში შევიდა. სამწუხაროდ ვისი ძე იყო ცნობილი არაა. ბახვის სოფლის საზოგადოებამ, სამღვდელოებამ, სკოლის მასწავლებლობამ მას, ალექსანდრე გორდელაძეს უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა, წვრილი ერის  ამ საუკეთესო წარმომადგენელმა განსწავლულობით, სიტყვა-პასუხით, დახვეწილი მიხვრა-მოხვრითა და თავდაჭერით რჩეულმა, დაიმკვიდრა უდიდესი პატივი, სიტყვა ეთქვა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის (ქიქოძე) ნეშტთან, მისი დაკრძალვის დღეს. ეს ისეთი სიტყვა იყო, რომელიც მთელს საქართველოში გავრცელდა. იგი შევიდა მჭერმეტყველების ისტორიაში ილია ჭავჭავაძისა და დარია ფაღავას სიტყვების გვერდით.

ცირა ნიკოლაიშვილი

ალექსანდრე გორდელაძის სიტყვა, თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზედ, ქუთაისის სობორში

   
 დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა სტირის და გლოვობს ჩვენი ბრწყინვალე ვარსკვლავის ჩასვენებას, შენს მოშორებას. სტირის დიდი და პატარა, სტირის თავადი და გლეხი, მდიდარი და გლახაკი, მეცნიერი და უმეცარი, სტირის სულ ყველა და მიზეზიც აქვსთ ტირილისა. მაგრამ ამ საერთო ტირილში უფრო საერთო ტირილი და გლოვა გვმართებს ჩვენ, შენი სოფლის შვილებს, შენს ბახველებს. შენს საწყალ სოფელს ახვედრა ღმერთმა ამ სამოცდაათი წლის წინეთ ბედნიერება მით, რომ იგი აირჩიე შენ სამშობლო კუთხედ. ჩვენს სოფელში გაახილე შენ პირველად ბედნიერი და მადლიანი თვალები, პირველად შენ ჩვენი სოფლის ცას შეხედე, ამ სოფელში გაატარე პირველი დღენი შენი პატარაობისა, აქ გაგიბრწყინდა გულში პირველად ნაპერწკალი სიმართლისა, სათნოებისა და სიყვარულისა. ამ ნაპერწკალმა აქ დაიწყო პირველად ზრდა და შემდეგში შეიქმნა დიდ, ბრწყინვალე ვარსკვლავად, რომელიც გახდა მთელი ჩვენი ქვეყნის მანათობელი, მაგრამ პირველი სხივები ამ დიდი ვარსკვლავისა მაინც ჩვენს სოფელს მოსწვდა და გაათბო იგი. პირველად აქედან დაწყო შენი კაცთმოყვარეობითი ზრუნვა, საზოგადოდ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით შენი სოფლისთვის. ჯერ კიდევ სასწავლებელში იყავი, როდესაც დაიწყე ზრუნვა სოფელზე მით, რომ გააცნე პირველად შენს ნათესავებს სწავლის სიკეთე  და დღეს გურიის ვერც ერთი სოფელი ვერ მოსთვლის იმდენ უმაღლეს სწავლადასრულებულ შვილებს, რამდენიცა გვყავს ბახველებს შენის წყალობით საქართველოს ყველა კუთხეში. ამ პირველ შენს სიკეთეს ჩვენს სოფელზე მოჰყვა მრავალი საზოგადო სიკეთე, რომელთა შორის აქ დავასახელებ, მხოლოდ უმთავრეს მათგანს. ამ ოც და ხუთი წლის წინად შენი სოფელი იყო ერთი უნაყოფო ღარიბ სოფელთაგანი გურიაში. მას არც რიგიანი ეკლესია ჰქონდა, არც სკოლა და სახმარ წყალსაც კი თითქმის მოკლებული. დღეს კი, შენის წყალობით ჩვენი სოფელი ყოველის მხრივ დაწინაურებულ სოფლად ითვლება ჩვენში. მას ააქვს შენი საკუთარი ხარჯით აგებული ტაძარი, აქვს ორკლასიანი სასწავლებელი ბაღითურთ, რომელიშიაც არა თუ მარტო ბახვის თაობა იღებს პირველდაწყებით სწავლასა, მთელი გურიის სხვადასხვა სოფლის შვილებიც კი იზრდებიან.
შენისსავე უხვი შეწირულობითა დაარსებულია ჩვენში სასოფლო გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა, რომელიც აგერ 16 წელიწადია ხელს გვიწყობს და თავიდან გვაშორებს უდიერი სარგებლის გადახდას; შენისავე შემწეობით მოირწყო და განაყოფიერდა ჩვენი უწყლო და მწირი ადგილები. ერთი სიტყვით შენ იყავი, მოწყალეო ბატონო, ულევი წყარო ჩვენი კეთილდღეობისა.
მაგრამ ყველა ეს წყალობა რა არის იმ ზნეობით გავლენასთან, იმ სულიერ საზრდოსთან, რომელიც ჩვენ შენგან გვეძლეოდა! შენი მობრძანება ჩვენში ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ჩვენ, შენი ბახველები სწორედ იმ სახით წარმოვიდგენდით ქვეყნად მყოფ მაცხოვარს რა სახითაც შენ გხედავდით, ჩვენს წინ მდგომარეს, საქადაგებლად გამოსულს, ჩვენი ეკლესიის გალავანში ცაცხვის ქვეშ, სახეგაბრწყინვებულს, მადლით და სიყვარულით სავსეს.  შენი ანგელოზებრივი სახე, შენი ცხოველსმყოფელი სწავლა-დარიგება ამოუშლელად იბეჭდებოდა ამ დროს ჩვენს გულში; შენი სიტყვების მადლი და სათნოება გვავიწყებდა ყოველს ქვეყნიურ ჭირსა და ბოროტებას. შენი სიახლოვე გვითბობდა სულს, გვიპატიოსნებდა გულს, რის გამოც ყოველი უბედური, ყოველი დამწუხრებული შენი სოფლისანი შენთან მოეშურებოდა ნუგეშის მისაღებად და ამიტომაც იყო, რომ შენ ჩვენში ერთი საათის მოსვენებაც არ გქონდა. მუდამ გარს გეხვეოდით და ვსარგებლობდით შენის ანგელოზებრივი გულკეთილობითა, შენის თავმდაბლობითა, შენის კაცთმოყვარეობითა! ვაი, თუ ჩვენს გარდაც სხვაგანაც ასე გაწუხებდნენ, ჩვენო ძვირფასო ბატონო და მით ჩვენ გავხდით მიზეზნნი ჩვენისავე უბედურებისა. თვითონ ჩვენ მოგისწრაფეთ დაუფასებელი სიცოცხლე! თუ ეს ასეა, ამიტომაც დაგვსაჯა ღმერთმა და ასე სასტიკად წაგვართვა ეს ძვირფასი საუნჯე, რომლის მოხმარება ჩვენ ვერ შევძელით ჩვენის უმეცრებისაგან, მაგრამ შენ ხომ შენი საწყალი ბახველების აზრით უკვდავი იყავი და ვინ წარმოიდგენდა, რომ სიკვდილი შეგეხებოდა! შენს ბახველებს დღესაც არ სჯერათ ეს საშინელი თავზარდამცემი ამბავი, ჩვენში ვერავინ ახსენებს ერთად ამ ორს ყოვლად მოუწყობელს, ყოვლად შეუფერებელ სიტყვებს: ,,გაბრიელი და სიკვდილი"! ეს ორი სიტყვა არასოდეს არ მოთავსდება ერთად ჩვენს წარმოდგენილობაში. ჩვენი ბრწყინვალე გაბრიელი, ჩვენი ანგელოზი და სიკვდილი, ეს ხომ საშინელებაა, თავზარდამცემია, გამაქვავებელია! ჩვენი ყოფნა და შენი არყოფნა, ჩვენი უშენობა საშინელია! აუტანელია! უზომოა და გამოუთქმელი ჩვენი მწუხარება, მაგრამ რამდენადაც ეს მწუხარება დიდია, იმდენად სანუგეშებელი საბუთიც, ჩვენ სხვაზე მეტად ნუგეშცემული იმითი ვართ, რომ შენ ხარ ჩვენი საწყალი სოფლის შვილი, ჩვენი ბატონი გაბრიელი, ჩვენი საუნჯე, ჩვენი დიდება! ჩვენ თვით ამ უბედურებაშიც ბედნიერი ვართ იმით, რომ შენს დიდებულ, უკვდავ სახელთან ჩვენი საწყალი სოფლის სახელიც უკვდავი ხდება. ამით ვიამაყებთ ჩვენ და ჩვენი მომავალი შთამომავლობა, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენზე უფრო შესძლებს შენს დაფასებას, ჩვენი სოფლის უკვდავო და დიდებულო შვილო!




წყარო: მღვდ. მელიტონ კელენჯერიძე: ,,გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა", 1913, სტამბა ,,ძმობა", გვ. 4.

ფოტო: 1.იმერეთის ეპისკოპისი გაბრიელი (ქიქოძე), 1860-1895 წლებში.
             2. განსვენებული გაბრიელ ქიქოძე 1896 წლის თებერვალი.

მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ქ. ცირა ნიკოლაიშვილს.